უნგრეთი-ევროკავშირი

ორბანი: ურსულა ფონ დერ ლაიენს უნგრეთის მთავრობის "დამხობა" სურს

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა სახელმწიფო რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ გამოხატა უკმაყოფილება ევროპარლამენტის მხრიდან მისი კრიტიკის გამო. ორბანის თქმით, ევროკავშირის ლიდერებს მისი მთავრობის "დამხობა" სურს.

ორბანმა უნგრელი ხალხის სახელით შეშფოთება გამოხადა: "ჩვენ გვეგონა, რომ იქ [ევროპარლამენტში] ჭკვიანი ხალხია და პოლიტიკური დებატებიც უფრო მაღალი ხარისხის იქნებოდა. ეს იყო სრული არეულობა!" - თქვა მან.

უნგრეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო "კულტურულ შოკში", მაგრამ ახლა "გამოჯანმრთელდა".

ორბანი ასევე ამტკიცებდა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა, მანფრედ ვებერმა თქვეს, რომ მათ "უნგრეთის მთავრობის დამხობა" და მისი ბრიუსელის მთავრობით" ჩანაცვლება სურთ.

"მათ უნგრეთის ახალი მთავრობის წევრები დაასახელეს. ევროპელ სოციალისტებს კლარა დობრევის, ხოლო ევროპის სახალხო პარტიას (EPP-ს) პეტერ მადიარის დელეგირება სურთ. ბრიუსელს სურს უნგრეთის მთავრობაში სოციალისტის და სახალხო პარტიის წევრის დელეგირება. სუვერენიტეტის პოლიტიკა დასრულდა, ჩვენ გვეყოლება ბრიუსელის მთავრობა". - თქვა ორბანმა.

ქვეყნის პრემიერის თქმით, ეს უნგრეთის მოსახლეობის სურვილს არ შეესაბამება და სწორედ ამიტომ ჩავიდა ის სტრასბურგში და ჩაერთო ის დებატებში.

9 ოქტომბერს სტრასბურგში ჩასულმა უნგრეთის მმართველმა თავის მთავარ მეტოქესთან, ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, პეტერ მადიართან დებატების რამდენიმე რაუნდი წააგო.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ოთხშაბათს უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანი ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ გააკრიტიკა. ლაიენმა გააკრიტიკა ორბანის ურთიერთობა ვლადიმირ პუტინთან და ჩინეთთან.  ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და ორბანის პოზიციას:

"ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, ვინც ამ ომს არა აგრესორს, არამედ მსხვერპლს აბრალებს. ვინც ამ ომში არა პუტინის ძალაუფლების გაუმაძღრობას, არამედ უკრაინის თავისუფლების სურვილს ადანაშაულებს. მინდა ვკითხო მათ, რამდენად დაადანაშაულებდნენ უნგრეთს 1956 წელს საბჭოთა კავშირის შეჭრის გამო? ან ჩეხეთს და სლოვაკეთს 1968 წლის საბჭოთა კავშირის რეპრესიების გამო? ან ლიტველებს 1991 წლის საბჭოთა დარბევების გამო?" - თქვა თავის გამოსვლაში ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

კომენტარები