თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვისთვის შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა 3 თვით, 3 მაისამდე გაახანგრძლივა.
სხდომაზე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, სადიგოვისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება 10 000-ლარიანი გირაოთი შეცვლილიყო.
მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა, მაგრამ დააკმაყოფილა პროკურატურის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა საექსტრადიციო პატიმრობის გახანგრძლივების შესახებ. პროკურატურის მტკიცებით, მომატებულია სადიგოვის მიმალვის რისკი.
აფგან სადიგოვი 21 სექტემბრიდან ციხეში შიმშილობს. მან შიმშილობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მიგრაციის დეპარტამენტმა თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა.
14 იანვარს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა.
3 აგვისტოს, თბილისში აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, azel.tv-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავა.
4 აგვისტოს სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.
24 აგვისტოს, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ - დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასაც უჩიოდა.
7 სექტემბერს სადიგოვის მეუღლემ, სევინჯ სადიგოვმა მთავარ არხთან საუბრისას აღნიშნა, რომ აფგან სადიგოვი "ციხეში სათანადოდ ვერ იკვებება და ფაქტობრივად შიმშილობს".