აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ ლემის წერილით მიმართა.
უილსონმა ლემის მეტი გამბედაობისკენ და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდა.
გთავაზობთ წერილის სრულ თარგმანს:
"მიუხედავად იმისა, რომ როგორც ატლანტიკის, ისე პოლიტიკური სპექტრის, საპირისპირო მხარეებს წარმოვადგენთ, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გამოწვევა, მოითხოვს ერთიან, ტრანსატლანტიკურ, ერთპარტიულ პასუხს.
ბატონო საგარეო საქმეთა მინისტრო, მოგიწოდებთ მიიღოთ ზომები და დაასანქციროთ ივანიშვილი – ოლიგარქიული მჩაგვრელი, რომელმაც ხელი შეუწყო პუტინს ჩარეულიყო საქართველოს დემოკრატიაში და ძირი მოეთხარა მისი სუვერენიტეტისთვის.
აშშ-მ 2024 წლის დეკემბერში ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები მიიღო. ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისა და დემოკრატიისადმი პატივისცემის სულისკვეთების ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ს უნდა მიბაძოს.
ივანიშვილის პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, მთელ ერს წაართვა დემოკრატიული უფლებები და ნება მისცა საქართველოს კიდევ უფრო შორს იმოძრაოს პუტინის ორბიტაზე. დიდი ბრიტანეთის სანქციებს, შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, ვინაიდან ივანიშვილი და მისი მოკავშირეები ბრიტანეთში დარეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით მნიშვნელოვან აქტივებს ფლობენ. გარდა ამისა, ივანიშვილის რუპორი, ტელეკომპანია იმედი ბრიტანეთშია რეგისტრირებული. ეს სრულიად დაუშვებელია.
აშშ ასევე მოუწოდებს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას შეწყვიტოს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა.
ბატონო საგარეო საქმეთა მინისტრო, მთელ მსოფლიოს თვალი ბრიტანეთისთვის აქვს მიპყრობილი, იმის მოლოდინით, რომ საერთაშორისო სამართლის დაცვისას, გამოიჩენთ გამბედაობას და დაამტკიცებთ, რომ რჩებით მშვიდობისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი მსოფლიო ლიდერი, ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა რუსეთთან მიმართებაში, როდესაც ის უკრაინაში შეიჭრა.
დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში, რომელიც ოპოზიციური ხმების სასტიკი ჩახშობითა და ჟურნალისტების დევნით გამოირჩევა არ უნდა დარჩეს უგულებელყოფილი. სასწრაფო, ერთიანი და საერთაშორისო პასუხი აუცილებელია.
მხოლოდ ასეთი გაბედული ქმედებებით ჩვენ შევძლებთ დავიცვათ ქართველი ხალხის დემოკრატიული უფლებები". – წერია ჯო უილსონის წერილში.





