ჯო უილსონი

უილსონი: ჩემი ინტერესი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია

ჯო უილსონი
Photo: Alex Wong/Getty Images

რესპუბლიკელი სენატორი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ქართული ოცნების განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ივანიშვილის პარტიამ ის Deep State-თან კავშირში დაადანაშაულა.

"შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ინტერესი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. ჩემი ინტერესი არაფერია, გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობა ჰქონდეს.

მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის ვიბრძოდი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის და ამან შედეგიც გამოიღო. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, თუ რა შესაძლებლობები აქვს ქართველ ხალხს, რომ მათ საბოლოოდ ჰქონდეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები."

უილსონი ორი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია, რომელთაგან ერთ-ერთი ,,ქართული კოშმარის არაღიარების აქტია”. მისი თქმით, აშშ-ს არაღიარების პოლიტიკის გამოყენება ქართული ოცნებისთვის სერიოზული გზავნილი უნდა იყოს.

"უკვე წლებია, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს არაღიარების პოლიტიკა აქვს, რომელიც ძალიან წარმატებულია. 1940 წელს ამერიკამ არ აღიარა საბჭოთა კავშირის მიერ ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ოკუპაცია. ჩვენ მათ ყოველთვის დამოუკიდებელ ქვეყნებად მივიჩნევდით.

ძალიან მადლობელი, ვარ, რომ კონგრესმა ცოტა ხნის წინ კენჭი უყარა იმას, რომ ყირიმი არაა რუსეთის ფედერაციის ნაწილი და ის ისევ უკრაინის ნაწილია. დამასკოში ასადის არაღიარების აქტს კი კონგრესმა 330 ხმით დაუჭირა მხარი. ეს სერიოზული გზავნილი უნდა იყოს ქართული ოცნებისთვის". - ამბობს უილსონი.

ჰელსინკის თავმჯდომარის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ტრამპი არაღიარების აქტს ხელს მოაწერს.

"მან ძალიან ბევრი იმუშავა უკრაინაში ომის დამნაშავე პუტინის დასაბლოკად. მან უკრაინას ჯაველინები გადასცა ტანკების შესაჩერებლად. ისტორიაში პირველად, პოლონეთში ამერიკელი ჯარისკაცები გააგზავნა, ჩრდილოეთის ნაკადი 2 დაბლოკა. ასე რომ, დონალდ ტრამპი თავისუფლებისა და დემოკრატიის ერთგულია". - თქვა უილსონმა.

სენატორმა ოქტომბრის არჩევნებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არჩევნების გაყალბების გამო საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება.

"ოქტომბრის არჩევნები არალეგიტიმური იყო. ვიცით, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, ეუთო და სხვადასხვა, განსხვავებული, კარგი სამთავრობო ჯგუფები და მონიტორინგის ჯგუფები საქართველოში ერთნაირ დასკვნამდე მივიდნენ- რომ არჩევნები გაყალბებული იყო. გაყალბებული არჩევნები კი ოფიციალურ პირებს არალეგიტიმურად აქცევს."

კითხვაზე შეინარჩუნებს, თუ არა არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სანქციებს ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ უილოსნმა აღნიშნა, რომ სანქციების გამკაცრების იმედი აქვს.

"ვფიქრობ, სანქციები ძალაში დარჩება და კიდევ უფრო გაძლიერდება, ისე, როგორც ეს ირანის შემთხვევაშია- მაქსიმალური წნეხი. მჯერა, რომ სანქციები გამკაცრდება."

უილსონმა ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნად მარკო რუბიოს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მაიკ უოლცის დანიშვნაზეც ისაუბრა.

"მნიშვნელოვანია, რომ ბევრი სხვაც გავითვალისწინოთ. მაგალითად, ახალი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. მარკო რუბიო და მისი ოჯახი კუბიდან საბჭოთა იმპერიას გაექცნენ. გვეყოლება სახელმწიფო მდივანი, რომელიც კარგად იცნობს და რომელსაც კარგად ესმის საბჭოთა სტილის მთავრობა.

ასევეა მაიკ უოლციც, პრეზიდენტ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი. ისიც თავისუფლებისა და დემოკრატიის სადარაჯოზე დგას. დონალდ ტრამპის მიერ, ყველა ამ ადამიანის დანიშვნა მიანიშნებს, რომ ის იმუშავებს რონალდ რეიგანის ტრადიციების მიხედვით - მშვიდობა სიძლიერით. Საქართველოს წინსვლასა და თავისუფლებას ვუსურვებ." - განაცხადა ჯო უილსონმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

კომენტარები