რუსეთი

კირილი: განსაკუთრებით საშიშია, როცა ნეოწარმართული იდეები სამხედროების რიგებში აღწევს

რუსეთის პატრიარქი კირილი  
Игорь Палкин

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი კვლავ საუბრობს რუსეთის ჯარში ნეოწარმართობის გავრცელების შესახებ, რაც მისი აზრით "განსაკუთრებით საშიში" და შემაშფოთებელია. ამის შესახებ კირილმა 28 იანვარს, სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

"დიდ შეშფოთებას იწვევს ნეოწარმართული იდეების გავრცელება, მათ შორის საგანმანათლებლო სფეროშიც. თუმცა, განსაკუთრებით საშიშია, როცა ეს იდეები სამხედრო მოსამსახურეების რიგებში აღწევს. ჩვენი მებრძოლები იღებენ წერილებსა და გზავნილებს ნეოწარმართული სიმბოლიკით, რომლებიც ახსენებენ ველურ ფსევდოტრადიციულ ცერემონიებსა და თილისმებს, რომლებიც ვითომდა დაეხმარებათ." - თქვა კირილმა.

სიტყვით გამოსვლის დროს კირილმა ნეოწარმართობა კიდევ ერთხელ ახსენა.

"სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს მოსახლეობაში ოკულტიზმის გავრცელების, დესტრუქციული რელიგიური სწავლებებისა და პრაქტიკების რეკლამებით საჯაროდ თავს მოხვევის წინააღმდეგ. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ედევნოს თვალი ყველა დონის საგანმანათლებლო ორგანიზაციებში ახალი ფსევდოტრადიციული და სინამდვილეში ნეოწარმართულ ღონისძიებებს." - თქვა კირილმა.

ამას გარდა, ამავე სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთის პატრიარქმა მხარი დაუჭირა სატანიზმის ექსტრემისტულ მოძრაობად გამოცხადებას. მისივე მტკიცებით, უკრაინაში მებრძოლი რუსი ოკუპანტები იმ ღირებულებების დასაცავად იღუპებიან, რომელთაც "სატანისტები თელავენ".

"სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში, ცეცხლის ხაზზე, ჩვენი მებრძოლები მზად არიან გაიღონ სიცოცხლე ფასეულობებისთვის, რომლებსაც ცხადად თელავენ სატანისტები." - თქვა კირილმა.

კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა მხარდამჭერმა, პატრიარქმა კირილმა რუსეთის ჯარში ნეოწარმართობის პრობლემების არსებობის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში, უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

"საუკუნეების მიერ გამოცდილი გამოთქმა არსებობს, რომ "სანგრებში ათეისტები არ არიან" და ეს მართალია. თუმცა ასევე სიმართლეა ის, რომ ომი ბადებს სულიერების დეფორმირებულ ფორმებს. მაგალითად, სამხედროებში ნეოწარმართული იდეები ხშირად პოულობენ განვითარების ნიადაგს, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ამ ნეოწარმართულ იდეებში დიდი ადგილი უკავია ძალადობას, ძალას. არმია კი არის ადგილი, სადაც ვლინდება ადამიანური ძალა, ამიტომ არსებობს დიდი საფრთხე, რომ არაეკლესიური, მართლმადიდებლობისგან დაშორებული სამხედრო მოსამსახურეები ნეოწარმართობის მქადაგებლების რიტორიკამ მიიზიდოს." - ამბობდა კირილი 24 სექტემბერს.

ამავე სხდომაზე მან თქვა, რომ სკოლებში ნეოწარმართული პროპაგანდის გავრცელება არ უნდა ყოფილიყო დაშვებული.

მაშინ კირილის სიტყვები რამდენიმე დღით ადრე მომხდარ შემთხვევას მოჰყვა. რუსეთის გენერალური პროკურორის მრჩეველი, ნატალია პოკლონსკაია სექტემბრის პირველ ნახევარში ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში ჩავიდა და ერთ-ერთ სკოლას ესტუმრა. ვიზიტის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები მან თავად გაავრცელა. ერთ-ერთ კადრში ჩანდა, რომ ის დაფაზე რუნებს, ძველ სკანდინავიურ ასოებს წერდა. რადგან რუნები ზოგჯერ ნეოპაგანიზმთან ასოცირდება, ამ კადრებს რუსულ სოციალურ ქსელებში ბლოგერების კრიტიკა მოჰყვა. რუსეთის ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარემ, ვახტანგ ყიფშიძემ პოკლონსკაიას მიერ სკოლის მოსწავლეებთან რუნებზე საუბარს "წარმართობის პროპაგანდა" უწოდა. თავად პოკლონსკაიამ თქვა, რომ მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე აგრესიის გამოვლენით ადამიანები "ვიწრო აზროვნებას" ავლენდნენ.

პატრიარქი კირილის სიტყვებს გამოეხმაურა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კონტროლირებული ტელეკომპანია Спас-ის ჟურნალისტი რომან გოლოვანოვი. მან ყურადღება სწორედ პოკლონსკაიას შემთხვევაზე გაამახვილა. მან ამ კონტექსტში ახსენა კსკ ვაგნერის აჯანყებაც და ირწმუნებოდა, რომ ჯგუფი ნეოპაგანიზმის მიმდევრებისგან შედგებოდა. ვაგნერის ჯგუფში მართლა შედიოდნენ დანაყოფები და პირები, რომლებიც ნეოპაგანურ და ნეონაცისტურ შეხედულებებს იზიარებდნენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ წარმართული რწმენა ან ნეონაცისტური იდეოლოგია ჯგუფის საფუძველი არ ყოფილა. 

გოლოვანოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ამ პოსტს მოჰყვა რუსი ნეონაცისტების კრიტიკა. 25 სექტემბერს, სავარაუდოდ, ვაგნერთან და რუსიჩის ჯგუფთან დაკავშირებული რუსეთის მხარეს მებრძოლი ქალის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც გაკრიტიკრებული იყო პატრიარქი კირილის სიტყვები და გოლოვანოვის პოსტი. მათ მოსაზრებას პოსტის ავტორი "სისულელეს" ეძახდა. 27 სექტემბერს ეს პოსტი რუსული ნეონაცისტური დანაყოფი რუსიჩის ტელგრამ-არხზეც გადააზიარეს.

მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ 2022 წელს წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომის ერთ-ერთი მიზანი უკრაინის ე.წ. "დენაციფიკაციაა", თავად რუსეთის ჯარში არსებობს რამდენიმე ნეონაცისტური ჯგუფი, რომლებიც ნეოწარმართულ სიმბოლოებსაც იყენებენ.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია რუსი სამხედროების გარკვეული ნაწილის წარმართობისკენ მიდრეკილებებზე 2015 წელსაც საუბრობდა. 2018 წელს კი პატრიარქმა კირილმა ყურადღება გაამახვილა სამხედრო მოსამსახურეებსა და სპორტსმენებში წარმართობის გავრცელებაზე და ეს ფაქტი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმოქმედობით ახსნა.

კომენტარები