მაშინ, როცა რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და ძალოვან უწყებებში წარმართული იდეოლოგიებისა და მათი ერთ-ერთი რადიკალური ფორმის, ნეონაციზმის მიმდევართა რიცხვი იზრდება, რუსეთის პატრიარქმა კირილმა რუსეთის ჯარში ახალი წარმართობის, ანუ ნეოპაგანიზმის საფრთხეებზე ისაუბრა.
რუსეთის პატრიარქმა, რომელიც კრემლის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, წარმართობის ახალი ფორმების საფრთხეებზე უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომაზე 24 სექტემბერს ილაპარაკა.
"საუკუნეების მიერ გამოცდილი გამოთქმა არსებობს, რომ "სანგრებში ათეისტები არ არიან" და ეს მართალია. თუმცა ასევე სიმართლეა ის, რომ ომი ბადებს სულიერების დეფორმირებულ ფორმებს. მაგალითად, სამხედროებში ნეოწარმართული იდეები ხშირად პოულობენ განვითარების ნიადაგს, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ამ ნეოწარმართულ იდეებში დიდი ადგილი უკავია ძალადობას, ძალას. არმია კი არის ადგილი, სადაც ვლინდება ადამიანური ძალა, ამიტომ არსებობს დიდი საფრთხე, რომ არაეკლესიური, მართლმადიდებლობისგან დაშორებული სამხედრო მოსამსახურეები ნეოწარმართობის მქადაგებლების რიტორიკამ მიიზიდოს." – თქვა რუსეთის პატრიარქმა.
პატრიარქი კირილი თვლის, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებმა ამ პრობლემაზე მუშაობა უნდა დაიწყონ.
"სხვათა შორის, გარკვეულწილად, ნეოწარმართობა პარაზიტირდება ტყუილ თეზისზე, თითქოს ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა ჰეროიზმის თემის მიღმა რჩება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ეს ასე არ არის, რომ ყველაზე დიდი გმირობაა, როცა ადამიანი საკუთარ თავზე იმარჯვებს. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს წმინდა "ღვაწლმოსილებზე", ანუ ისინი სჩადიან ღვაწლს, სულიერ ღვაწლს. თუმცა ეს ყველასთვის ცხადი არაა, მათ შორის მათთვის, ვინც დღეს ნეოწარმართობითაა დაკავებული, რადგან ნეოწარმართობის პროპაგანდა პირადი ჰეროიზმი, ძალა და სიმამაცეა. ამ მითის სიყალბეს ადასტურებს მრავალი წმინდა მეომარი, რომელთა ხსოვნას ჩვენი ეკლესია ინახავს. ვფიქრობ, დადგა დრო, განსაკუთრებით ჩვენი მღვდლებისთვის, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში მუშაობენ, მუდმივად მიაპყრონ სამხედროების ყურადღება იმ ქრისტიან წმინდანთა ღვაწლზე, რომლებიც საკუთარი სამშობლოს არმიაში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, რათა ტყუილი მითისა, თითქოს ჰეროიზმი ქრისტიანობასთან შეუთავსებელია, ცხადი გახდეს, პირველ რიგში, წმინდა მეომრების შესანიშნავი მაგალითებით, რომლებიც ჩვენი ეკლესიის მეხსიერებაში საგულდაგულოდ ინახება." – თქვა კირილმა.
ამას გარდა, რუსეთის პატრიარქმა აღნიშნა, რომ სკოლებში ნეოწარმართული პროპაგანდის გავრცელება გამორიცხული უნდა იყოს.
"ამ კონტექსტში სასკოლო სივრცემ უნდა გამორიცხოს ნეოწარმართული პროპაგანდის [გავრცელების] შესაძლებლობა, რომელიც ეფუძნება ქრისტიანობისა და რუსული სახელმწიფოებრიობის შექმნაში მისი განსაკუთრებული წვლილის უარყოფას." – თქვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა.
პატრიარქი კირილის ნეოპაგიზმზე საუბარი რამდენიმე კვირის წინ მომხდარ შემთხვევას მოჰყვა. რუსეთის გენერალური პროკურორის მრჩეველი, ნატალია პოკლონსკაია სექტემბრის პირველ ნახევარში ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში ჩავიდა და ერთ-ერთ სკოლას ესტუმრა. ვიზიტის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები მან თავად გაავრცელა. ერთ-ერთ კადრში ჩანდა, რომ ის დაფაზე რუნებს, ძველ სკანდინავიურ ასოებს წერდა. რადგან რუნები ზოგჯერ ნეოპაგანიზმთან ასოცირდება, ამ კადრებს რუსულ სოციალურ ქსელებში ბლოგერების კრიტიკა მოჰყვა. რუსეთის ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარემ, ვახტანგ ყიფშიძემ პოკლონსკაიას მიერ სკოლის მოსწავლეებთან რუნებზე საუბარს "წარმართობის პროპაგანდა" უწოდა.
თავად პოკლონსკაიამ თქვა, რომ მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე აგრესიის გამოვლენით ადამიანები "ვიწრო აზროვნებას" ავლენდნენ.
"ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთები განათლების უკმარისობის კომპენსირებას აგრესიითა და თავდასხმებით ცდილობენ, რომელთაც რეალური საფუძველი არ გააჩნია. თუმცა. მათ ამის გაგება ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო არ შეუძლიათ. რაღაც "საშიშ ნიშნებზე" ყვირილით ეს ადამიანები მხოლოდ საკუთარ ვიწრო აზროვნებას ავლენენ, მაგრამ ჯგუფებში გაერთიანებით მათ უკვე შეუძლიათ "ავტორიტეტითა და უმრავლესობით განადგურება". ცოდნა არის ძალა, რომელიც არის ყვრლა დროის ხალხთა უპირობო ღირებულება. ცოდნა არის ძალა, რომელიც ყველასთვის მისაწვდომი არაა. ამიტომ გეტყვით: უცოდინარ ადამიანებს, როგორც ყოველთვის, ეშინიათ მათი, ვინც მათზე ჭკვიანია, ან მათი, ვისაც მატზე მეტის ცოდნა სურს." – დაწერა პოკლონსკაიამ.
პოკლონსკაია ირწმუნება, რომ ძველ სიმბოლოებსა და რუნებზე საუბარი თავად სკოლის მოსწავლეებმა დაიწყეს.
"მათ მკითხეს უძველეს ლეგენდებსა და უძველეს სიმბოლოებზე. საუბარს უფროსკლასელებიც შემოუერთდნენ. მათ აინტერესებთან რა არის რუნები და ძველი სლავური დამწერლობა და როგორ ურთიერთობდნენ ადამიანები [რედ. - ძველ] რუსულად." – წერდა პოკლონსკაია 11 სექტემბერს.
პატრიარქი კირილის სიტყვებს გამოეხმაურა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კონტროლირებული ტელეკომპანია Спас-ის ჟურნალისტი რომან გოლოვანოვი. მან ყურადღება სწორედ პოკლონსკაიას შემთხვევაზე გაამახვილა. მან ამ კონტექსტში ახსენა კსკ ვაგნერის აჯანყებაც და ირწმუნებოდა, რომ ჯგუფი ნეოპაგანიზმის მიმდევრებისგან შედგებოდა. ვაგნერის ჯგუფში მართლა შედიოდნენ დანაყოფები და პირები, რომლებიც ნეოპაგანურ და ნეონაცისტურ შეხედულებებს იზიარებდნენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ წარმართული რწმენა ან ნეონაცისტური იდეოლოგია ჯგუფის საფუძველი არ ყოფილა.
"მებრძოლს ჯარში ნეოწარმართობის საფრთხე უმაღლეს დონეზეა გამოკვეთილი. პოკლონსკაიას რუნები სახუმარო არაა. და აქ საქმე მხოლოდ მეტაფიზიკაში არაა.აჯანყებულთა ჯგუფი, რომლებმაც მებრძოლები როსტოვისკენ და მოსკოვისკენ წაიყვანეს, ნეოწარმართებისგან შედგებოდა. და ეს იდეები არსად გამქრალა. უკრაინის ღალატის საფუძველიც სწორედ ნეოწარმართობაშია. კაენის ცოდვა და ცეცხლის გარშემო ცეკვა მუდამ ახლოს დგას. მაიდანი - ეს ნეოწარმართული სახის რიტუალია. შემდეგ მოდის სისხლი, სიკვდილის კულტი, ადამიანის მსხვერპლშეწირვა." – დაწერა გოლოვანოვმა, რომელმაც საკუთარი სიტყვები პატრიარქი კირილის მიმართვის ვიდეოჩანაწერს დაურთო.
სწორედ გოლოვანოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ამ პოსტს მოჰყვა რუსი ნეონაცისტების კრიტიკა. 25 სექტემბერს, სავარაუდოდ, ვაგნერთან და რუსიჩის ჯგუფთან დაკავშირებული რუსეთის მხარეს მებრძოლი ქალის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც გაკრიტიკრებული იყო პატრიარქი კირილის სიტყვები და გოლოვანოვის პოსტი.
"რა სისულელე ვრცელდება მართლმადიდებლურ სამყაროში წარმართობაზე!!! ჯერ ერთი, ეს პრეფიქსი "ნეო" სხვა არაფერია, თუ არა მისი ნეონაციზმთან გატოლების მცდელობა! კარგი იდეაა, ბრავო მარკეტოლოგებს! მეორეც, ძალიან გაუნათლებელი უნდა იყო, რომ თქვა, ჩვენი წინაპრები წარმართები არ ყოფილანო!" – ეწერა ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ პოსტში.
შემდეგში, 27 სექტემბერს ეს პოსტი რუსული ნეონაცისტური დანაყოფი რუსიჩის ტელგრამ-არხზეც გადააზიარეს.
მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ 2022 წელს წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომის ერთ-ერთი მიზანი უკრაინის ე.წ. "დენაციფიკაციაა", თავად რუსეთის ჯარში რამდენიმე ნეონაცისტური ჯგუფი არსებობს.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია რუსი სამხედროების გარკვეული ნაწილის წარმართობისკენ მიდრეკილებებზე 2015 წელსაც საუბრობდა. 2018 წელს კი პატრიარქმა კირილმა ყურადღება გაამახვილა სამხედრო მოსამსახურეებსა და სპორტსმენებში წარმართობის გავრცელებაზე და ეს ფაქტი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმოქმედობით ახსნა.