მზია ამაღლობელის საქმე

პენიტენციური: ცილისწამებაა, თითქოს ამაღლობელის ჯანმრთელობა საფრთხეშია და მასზე არ ვზრუნავთ

ნეტგაზეთი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც მე-16 დღეა, შიმშილობს, "უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით და უწყვეტად მიეწოდება კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება". უწყება "ცილისმწამებლურს" უწოდებს ინფორმაციას, "თითქოს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია და მის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს პენიტენციური სამსახური".

"ბრალდებული მ.ა. იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთანავე, ბრალდებული, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, მყისიერი რეაგირებისთვის მოთავსებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში.

ბრალდებულის საცხოვრებელი პირობები სრულად შეესაბამება პენიტენციური კოდექსით განსაზღვრულ სტანდარტებს.

აღსანიშნავია, რომ თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა ჩვენი სამსახურისთვის პრიორიტეტულია.

მოვუწოდებთ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს, რომ თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად" - ნათქვამია განცხადებაში.

 

მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.

მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები