აშშ-ს თეთრმა სახლმა 26 იანვარს განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანსა შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 18 თებერვლამდე დარჩება. მანამდე, 24 იანვარს, ისრაელმა განაცხადა, რომ სამხრეთ ლიბანში ჯარისკაცების დატოვებას შეთანხმების ვადის გასვლის შემდეგაც აპირებდა.
"ლიბანსა და ისრაელს შორის შეთანხმება, რომელსაც მონიტორინგს აშშ უწევს, ძალაში 2025 წლის 18 თებერვლამდე დარჩება". - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.
შეთანხმების ვადის გახანგრძლივებამდე ასობით ლიბანელმა ქვეყნის სამხრეთ საზღვართან მდებარე სოფლებთან მიღწევა სცადა მიუხედავად ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) გაფრთხილებისა, რომ ტერიტორიიდან თავი შორს დაეჭირათ.
ამის მიუხედავად, IDF-მა ბრძანებების დაუმორჩილებლობისთვის რამდენიმე პირს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ლიბანელი ჯარისკაციც, ხოლო 124 პირი დაშავდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 26 ნოემბერს დაადასტურა, რომ მომდევნო დღის დილის 4 საათზე ადგილობრივი დროით, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ამერიკისა და საფრანგეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდოდა.
ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამი მიზეზი დაასახელა, რის გამოც იგი აღნიშნულ შეთანხმებას მხარს უჭერს. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ისრაელი შეძლებს, ირანულ საფრთხეზე კონცენტრირდეს. მეორე, ისრაელი ქვეყნის სამხედრო ძალებსა და აღჭურვილობას აღიდგენს და მესამე, ამ გზით ისრაელი ღაზის სექტორში ჰამასის იზოლირებას მოახერხებს.
ჰეზბოლასა და ისრაელს შორის კონფლიქტი ღაზის სექტორში ომის პარალელურად მიმდინარეობდა. 1-ელ ოქტომბერს ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, რომლის სამიზნეც ტერორისტული ორგანიზაციის ინფრასტრუქტურის განადგურება იყო.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისრაელის მხრიდან წინ უძღოდა ლიბანში საჰაერო იერიშების კამპანია, რომლის ფარგლებშიც ისრაელის არმიას ჰეზბოლას სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე მიჰქონდა იერიში.
მანამდე, სექტემბერში, ისრაელმა ჰეზბოლას წინააღმდეგ იერიშებისა და თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო. 17-18 სექტემბერს ლიბანში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, რის ფარგლებშიც ჰეზბოლას წევრებს ჯერ პეიჯერები, მეორე დღეს კი პორტატიული რაციებიც აუფეთქდათ, ისრაელის პრემიერმინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და IDF-ის მეთაურმა განცხადებები გაავრცელეს, რაც ჰეზბოლასთან მიმართებით ვითარების გამწვავებაზე მიანიშნებდა.
27 სექტემბერს, ისრაელის მიერ ბეირუთში ჰეზბოლას შტაბ-ბინაზე მიტანილი იერიშის შედეგად, ტერორისტული დაჯგუფების მეთაური, ჰასან ნასრალა დაიღუპა.
ისრაელს ჯერჯერობით არ უთქვამს, თუ როდემდე აპირებს სამხედრო ძალების ლიბანის სამხრეთში დატოვებას, სადაც ისრაელის არმიის მიხედვით, ჰეზბოლას შეიარაღების ხელში ჩაგდება და დაჯგუფების ინფრასტრუქტურის განადგურება მიმდინარეობს.
ისრაელის თქმით, ჰეზბოლას წინააღმდეგ იერიშის წამოწყების მიზანი ათეულობით ათასი ისრაელელის სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნება იყო, რომლებსაც ჰეზბოლას სარაკეტო იერიშების გამო ქვეყნის ჩრდილოეთში საზღვართან მდებარე სახლების დატოვება მოუწიათ.