25 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ იორდანიამ და ეგვიპტემ ღაზის სექტორიდან მეტი პალესტინელი ლტოლვილი უნდა მიიღოს. ამასთან დაკავშირებით ტრამპმა პრეზიდენტის თვითმფრინავ Air Force One-ზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"მე ვუთხარი მას [იორდანიის მეფეს], რომ სურვილი მაქვს, თქვენ მეტი ლტოლვილი მიიღოთ, რადგან ამჟამად ღაზის მთლიან სექტორს ვაკვირდები და იქ ნამდვილი არეულობაა" - ტრამპმა ჟურნალისტებთან იორდანიის მეფე აბდულა II-თან მისი სატელეფონო საუბრის მონაკვეთი გაიხსენა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ 26 იანვარს ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ას-სისისთანაც ისაუბრებს. "მე მსურს, რომ ეგვიპტემაც მიიღოს ხალხი. საუბარია დაახლოებით ერთნახევარ მილიონ ადამიანზე" - დასძინა მან.
ტრამპმა აღნიშნა, რომ გადასახლება "შეიძლება იყოს დროებითი ან გრძელვადიანი". მისი თქმით, "რაღაც უნდა მოხდეს, რადგან ღაზის სექტორი თითქმის მთლიანად განადგურებულია":
"ამიტომ, მირჩევნია, ვიმუშაო ზოგიერთ არაბულ ქვეყანასთან და ავაშენოთ საცხოვრებელი სხვა ადგილას, სადაც ლტოლვილებმა შესაძლოა მშვიდად იცხოვრონ" - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.
Air Force One-ზე ჟურნალისტებთან 20-წუთიანი კითხვა-პასუხის დროს, ტრამპმა ასევე თქვა, რომ მისი წინამორბედის მიერ ისრაელისთვის 2,000-ფუნტიანი (დაახლოებით 900 კილოგრამიანი) ბომბების მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვა გააუქმა.
როგორც ამერიკული მედია Axios აღნიშნავს, ბაიდენის მიერ 2024 წლის მაისში ამ ბომბების მიწოდების შეჩერების შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ აშშ-სა და ისრაელის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი კრიზისი გამოიწვია. ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, ამერიკელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, 1800 ბომბი, რომელიც აშშ-ს საწყობში ინახებოდა ისრაელში "უახლოეს დღეებში გაიგზავნება".