დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

აშშ-ში სასამართლომ დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების გაუქმებაზე ბრძანება შეაჩერა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოვალურ ოფისში აღმასრულებელ ბრძანებებს აწერს ხელს, 20 იანვარი, 2025
Jim Watson/AFP/Getty Images

აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების გაუქმებაზე დონალდ ტრამპის ბრძანებას "ცალსახად არაკონსტიტუციური" უწოდა და დროებით შეაჩერა.

ინაუგურაციის შემდეგ ტრამპმა სააგენტოებს უბრძანა, უარყონ აშშ-ში დაბადებული ბავშვების მოქალაქეობა, თუკი ერთ-ერთი მშობელი მაინც არ არის ამერიკის მოქალაქე, ან ერთ-ერთს მაინც არ აქვს კანონიერად მუდმივად ცხოვრების უფლება, იგივე "მწვანე ბარათი".

22-მა შტატმა, კოლუმბიის ოლქმა და ქალაქ სან ფრანცისკომ, ბოსტონისა და სიეტლის ფედერალურ სასამართლოებში ორი სარჩელი შეიტანეს, რომელშიც დავობენ, რომ ტრამპმა აშშ-ს კონსტიტუცია დაარღვია.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპის ბრძანება 14 დღით შეჩერდა. შემდეგი სასამართლო სხდომა 6 თებერვალს გაიმართება.

სასამართლოში მსგავსი სარჩელები შეიტანეს ამერიკის სამოქალაქო უფლებათა კავშირმა (ACLU), საიმიგრაციო ორგანიზაციებმა და ორსულმა დედამაც.

აშშ-ს კონსტიტუციის მე-14 შესწორების თანახმად, ნებისმიერი პირი, რომელიც აშშ-ს ტერიტორიაზე დაიბადება, ამერიკის მოქალაქეა. აშშ-ს უზენაესი სასამართლოს 1898 წლის გადაწყვეტილებით, ეს შესწორება უცხოელი მშობლების აშშ-ში დაბადებულ შვილებზეც ვრცელდება. ამის გამო, ტრამპის ბრძანებას დიდი ალბათობით სამართლებრივი დაბრკოლებები შეხვდება.

თუმცა, ბრძანების ზოგიერთი მხარდაჭერის მიხედვით, ოპოზიციური ჯგუფების საჩივრების შედეგად 1898 წლის გადაწყვეტილება შეიძლება უზენაესი სასამართლოს მიერ გადაიხედოს და შეიცვალოს.

 

კომენტარები