რუსული რეჟიმი

მომიტინგეებისთვის დაკისრებული ჯარიმები, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უტოლდება -NGO-ები

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის განცხადებით, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მძიმე ფინანსური სანქციების გამოყენება წარმოადგენს რეპრესიულ იარაღს გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და უტოლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. განცხადება ნინო ლომჯარიამ და ეკა გიგაურმა გააკეთეს. 

"პროევროპული საპროტესტო აქციების ჩახშობის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სისტემური პოლიტიკის აღსრულებაში კოორდინირებულად მოქმედებენ სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლოები და “ქართული ოცნების” პარლამენტი. 

კერძოდ, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციამ და სასამართლოებმა ინტენსიურად დაიწყეს დეკემბერში “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ 5 დღეში მიღებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ბლანკეტური აკრძალვების გამოყენება, ასევე, მათი დარღვევისთვის 10-ჯერ და 20-ჯერ გაზრდილი მძიმე ფინანსური ჯარიმების და 15 დღემდე პატიმრობების გამოყენება. პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს ღობეზე სტიკერების გაკვრის, ან სახის ნაწილის დაფარვის გამო (მაშინაც, კი, როდესაც პროტესტის მონაწილეები იდენტიფიცირებულები არიან). ასევე, დემონსტრანტებს მასიურად და დაუსაბუთებლად აჯარიმებენ არაპროპორციულად მაღალი ჯარიმებით “უკანონოდ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის” მოტივით მაშინ, როდესაც პოლიციის მიერ წარმოდგენილ ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებში მოქალაქეთა მხრიდან გზის უკანონო ბლოკირების ფაქტები არ დასტურდება - მოქალაქეები დგანან ხალხის მასაში, ან მონაწილეობენ მასიურ სახალხო მსვლელობებში.

ინფორმაციისთვის: გზის გადაკეტვის გამო ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა აქციის მონაწილეებისთვის 500-დან 5000 ლარამდე, ხოლო ორგანიზატორისთვის 5000-დან 15000 ლარამდე გაიზარდა.  სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, აქციის მონაწილის მიერ ლაზერის ტარება, შსს-ს სისტემაში დადგენილი ან მასთან მიმსგავსებული ატრიბუტიკის ტარება 2000  ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს; ავტომობილით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა 1 წლამდე მართვის უფლების შეჩერებას იწვევს; საპროტესტო პოსტერის გაკვრა კი “მუნიციპალური ტერიტორიის იერსახის დამახინჯების” მუხლით მოქალაქეების  50 ლარის ნაცვლად 1000 ლარით დაჯარიმებას იწვევს. დაკავების არსებულ საფუძვლებთან ერთად პოლიციას პირის დაკავება უკვე პრევენციული მიზნითაც შეუძლია. 

300-500 ლარიდან 1000-2000 ლარამდე გაიზარდა ჯარიმები, ასევე, სხვა ადმინისტრაციული დარღვევებისთვის, რასაც დამკვიდრებული პრაქტიკით სასამართლოები იყენებენ ხოლმე აქციების მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად.

შეგახსენებთ, რომ არაპროპორციულად მაღალი ჯარიმების პრაქტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს, რაც, საქართველოსთვისაც სავალდებულოა.  ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მოსაზრებით, არაპროპორციულმა სანქციამ, მათ შორის მკაცრმა ჯარიმამ, შესაძლოა დაარღვიოს შეკრების თავისუფლების უფლება და ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, რომელიც მომავალში შეკრებასა და მანიფესტაციებში მონაწილეობის მსურველ პირს უბიძგებს თავი შეიკავოს პროტესტის გამოხატვისაგან.  ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ არასათანადოდ მკაცრი სანქციის გამოყენებამ, შესაძლოა, მსუსხავი ეფექტის საფრთხე გააჩინოს. 

ჯარიმების გამოყენების ინტენსივობა და დაუსაბუთებელი ხასიათი მიუთითებს, რომ მისი მიზანი პროტესტის მონაწილე მოქალაქეების დაშინება, პროტესტის შესუსტება, აქციის მონაწილეებისათვის ფინანსური პრობლემების შექმნაა". ნათქვამია განცხადებაში.

როგორია დაუსაბუთებელი ადმინისტრაციული ჯარიმების შეფარდების პროცესი

შსს სასამართლოში წარადგენს ისეთ მტკიცებულებებს, საიდანაც არ დასტურდება:

  • სავარაუდოდ სამართალდამრღვევის  ჩადენის დრო;
  • ხალხის რაოდენობის სიმცირე;
  • აქციის მონაწილე ქუჩის გადაკეტვამდე მივიდა ადგილზე, თუ გადაკეტვის შემდეგ;
  • რა ნიშნით შეირჩა კონკრეტული პირი აქციის მონაწილეებისგან საჯარიმო ქვითრის შესადგენად.

საქმეს არ ერთვის: 

  • კონკრეტული პირის იდენტიფიკაციისათვის მტკიცებულებების მოსაპოვებლად ჩატარებული ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტაცია (მაგალითად, დოკუმენტაცია იმისა, თუ საიდან ან რა სამართლებრივი გზით აქვს მოპოვებული მტკიცებულებები სახელმწიფოს);
  • ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი.

სასამართლო, მტკიცებულების არ არსებობის პირობებში, აქტივისტებს ნოემბერი-დეკემებრის შემთხვევებზე 500 ლარით, ხოლო იანვრის შემთხვევებზე - 5000 ლარით აჯარიმებს. აღნიშნული საქმეების განხილვის პროცესში თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩართულები არიან ესტონეთის მიერ დასანქცირებული მოსამართლეები, კერძოდ, თბილისში  ამ საქმეებს 6 მოსამართლე განიხილავს:

  1. ლელა მილდენბერგერი 
  2. ზვიად ცეკვავა
  3. ლელა ცაგარეიშვილი
  4. კობა ჩაგუნავა
  5. ნინო ენუქიძე
  6. მანუჩარ ცაცუა

ქუთაისის საქალაქო სასამართლო:

  • მანანა ნიკაჭაძე

ბათუმის საქალაქო სასამართლო:

  • ირმა ტოგონიძე
  • გულიკო კაჟაშვილი

ზუგდიდის საქალაქო სასამართლო:

  • ფატი ფურცხვანიძე
  • ირაკლი აბშილავა
  • გვანცა ვარდანიძე

რა უნდა ქნას მოქალაქემ?

  1. ჯარიმის გამოწერის შემთხვევაში დაუკავშირდეს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზს: 577 07 05 63
  2. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე თავად გადაწყვეტს საკუთარი თავის დაცვას, არასასურველი შედეგის შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზნით შეუძლია, ასევე, დაუკავშირდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს ცხელ ხაზზე: 577 07 05 63
  3. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე არ გამოცხადდა სასამართლოში, სასამართლო მისი დასწრების გარეშე მიიღებს გადაწყვეტილებას, რისი გასაჩივრება ასევე იქნება შესაძლებელი. 
  4. მოქალაქეთათვის უკანონო ჯარიმების ტვირთის შესამსუბუქებლად ფუნქციონირებს არაერთი კერძო თუ სხვა ფონდი. მათ შორის, არსებობს ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ მობილიზებული ფონდი, საიდანაც ხდება ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდა.  
  5. იმ შემთხვევაში თუ პირმა უარი განაცხადა ჯარიმის გადახდაზე, დაიწყება იძულებითი აღსრულების მექანიზმის გამოყენება, რაც ასევე გულისხმობს ბანკის ანგარიშების გაყინვას.

5,000 ლარიანი ჯარიმების გადახდა მაშინ, როდესაც საშუალო ხელფასი 1,600 ლარამდეა, ხოლო მედიანური ხელფასი 1,000 ლარია, ერთ ოჯახზე სოციალური დახმარება საშუალოდ თვეში 370 ლარია, წარმოუდგენელი სიმძიმის ფინანსური და ქონებრივი ტვირთია მოქალაქეებისთვის, მითუმეტეს, როცა ჯარიმების შეფარდება დაუსაბუთებლად და განმეორებითად ხდება და ასეთი მაღალი ჯარიმების პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოა". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ნინო ლომჯარიას და ეკა გიგაურის განცხადებით, იწყებენ ბიზნეს ასოციაციებთან და ბიზნეს სექტორთან შეხვედრებს, არსებული ვითარების ასახსნელად.

კომენტარები