ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

IDF-მ დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჯენინში კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო

ისრაელის ძალები ჯენინში, 5 სექტემბერი, 2024 წელი
Zain JAAFAR / AFP

დღეს, 21 იანვარს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჯენინში ფართომასშტაბიანი კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყეს

გამოცემა Times of Israel სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ოპერაცია, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

გამოცემის წყაროს თანახმად, ოპერაცია ტერორისტული დაჯგუფებების მიერ გამოყენებული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დრონებით მიტანილი იერიშებით დაიწყო. 

Times of Israel-ის სამხედრო წყაროების ცნობით, ოპერაციის მიზანს  დასავლეთ სანაპიროზე "IDF-ისთვის მოქმედების თავისუფლების შენარჩუნება", ტერორისტული ჯგუფების ინფრასტრუქტურის განეიტრალება და მოახლოებული საფრთხეების აღმოფხვრა.

IDF-ისა და ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის, შინ ბეთის ერთობლივი განცხადება ოპერაციას, სახელწოდებით "რკინის კედელი", ადასტურებს. განცხადებაში წერია, რომ დამატებითი დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება.

Times of Israel წერს, რომ IDF-ში წყაროების თანახმად, ქალაქში დიდი რაოდენობით ჯარისკაცები, მათ შორის სპეციალური დანიშნულების ძალები, შინ ბეთის აგენტები და სასაზღვრო პოლიციის ოფიცრები იყვნენ მობილიზებულები. 

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ის ოპერაციას ისრაელის "დასახული მიზნის მისაღწევად მორიგ ნაბიჯად, იუდეასა და სამარიაში უსაფრთხოების გაძლიერებად" მოიხსენიებს 

"ირანული ღერძის წინააღმდეგ სისტემურად და მტკიცედ ვმოქმედებთ ყველგან, სადაც ის იარაღს აგზავნის, ღაზაში, ლიბანში, სირიაში, იემენში, იუდეასა და სამარიაში". - წერია ნეთანიაჰუს განცხადებაში.

პალესტინურ მედიაში ცნობები რამდენიმე საჰაერო იერიშის შესახებ გავრცელდა, პალესტინური ჯანდაცვის უწყებების ცნობით, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა. 

Times of Israel-ის მიხედვით, 19 იანვარს სამხედრო თანამდებობის პირებმა თქვეს, რომ ცენტრალური სარდლობა დასავლეთ სანაპიროზე იერიშების მიტანისთვის ემზადებოდა. ისინი ამბობდნენ, რომ ოპერაცია დასავლეთ სანაპიროზე ჰამასის გაძლიერებისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად.

მომდევნო დღეებში ისრაელი ასობით პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს, რომელთა შორის ტერორისტული თავდასხმებისთვის გასამართლებული პირებიც არიან. 

გამოცემის თანახმად, თანამდებობის პირებმა თქვეს, რომ იერიშის გეგმები პალესტინის ადმინისტრაციასთან იყო შეთანხმებული, რომელსაც დასავლეთ სანაპიროზე მისი მეტოქის გაძლიერება ასევე არ სურს. 

პალესტინის ადმინისტრაცია ე.წ. ჯენინის ბატალიონს უპირისპირდება, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებებთან, ჰამასთან და პალესტინის ისლამურ ჯიჰადთან არის აფილირებული. 

19 იანვარს, ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თითქმის 3 საათის დაგვიანებით ამოქმედდა. აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა 15 იანვარს მიაღწიეს.

შეთანხმება სამ ეტაპს მოიცავს, პირველ ეტაპზე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ჰამასი 33 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, მათ შორის ქალებს (სამხედრო და სამოქალაქო პირებს), ბავშვებს და 50 წელს გადაცილებულ კაცებს, ისრაელი კი პირველი ფაზის ბოლომდე ციხეებში დაკავებულ პალესტინელ ქალებსა და 19 წლამდე ბავშვებს გაათავისუფლებს. 

კომენტარები