ბიძინა ივანიშვილი

Julius Baer-ი ივანიშვილის წინააღმდეგ უკანონო დავალებების შესრულების მექანიზმია - ადვოკატი

ბიძინა ივანიშვილი

“Julius Baer-ი გვევლინება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უკანონო და უსაფუძვლო დავალებების შესრულების მექანიზმად/ბერკეტად. აღნიშნული კი, ვლინდება როგორც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში, ასევე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე (რომელშიც დაზარალებულს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი) საგამოძიებო ორგანოსათვის გამოთხოვილი ინფორმაციის ფაქტობრივად დამალვაში” - წერს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე სოციალურ ქსელში. 

მისი განმარტებით, Julius Baer-ი თვეების განმავლობაში უსაფუძვლოდ ზღუდავდა ინფორმაციას ანგარიშების (მათზე თანხების ბრუნვის) შესახებ და ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ლაშა კალანდაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის.

ადვოკატის გაცხადება სრულად:

როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ჩემი მარწმუნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ, გუშინ გავრცელდა განცხადება ე.წ Credit Suisse-ის დავასთან და სხვა შვეიცარული ბანკის, Julius Baer-ის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით.

განცხადებაში მოყვანილი გარემოებებიდან დგინდება, რომ ჩემს მარწმუნებელს დამატებითი ბარიერები ექმნება მისი და მისი იჯახის წევრების კუთვნილი აქტივების განკარგვასთან, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით შვეიცარული ბანკის Julius Baer (რომელშიც გადატანილ იქნა Credit Suisse-ის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი) არამართლზომიერი ქმედებების გამო.

კერძოდ, Julius Baer-ი თვეების განმავლობაში უსაფუძვლოდ ზღუდავდა ინფორმაციას ანგარიშების (მათზე თანხების ბრუნვის) შესახებ, ჩემს მარწმუნებელსა და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უჭიანურებდა თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით გაცემული დავალების შესრულებას, დაემუქრა პირადი საბანკო ანგარიშის დახურვით. ასევე, ბანკი არ ასრულებს მის სახელშეკრულებო ვალდებულებას ,,ჰეჯ ფონდების“ მიერ ვალდებულების დროულად შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ბოლოს კი, ე.წ. ამერიკული სანქციების არასწორად განმარტების გზით, ფაქტობრივად აღნიშნულ სანქციებს დაუქვემდებარა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები.

ხაზგასასმელია, რომ ზემოაღნიშნული შვეიცარული ბანკი ასევე ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში. კერძოდ, 2023 წლის 03 ივლისს და 2023 წლის 21 ივლისს შვეიცარიის კონფედერაციის იუსტიციის ფედერალურ სამსახურში გაიგზავნა ორი შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობების საფუძველზე, გამოთხოვილ იქნა სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია იმ ანგარიშების შესახებ, რაც Julius Baer-ში გააჩნდათ გირგი ბაჩიაშვილსა და ერთ-ერთ იურიდიულ პირს, რომელიც ასევე ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეში.

სამწუხაროდ, ყოველგვარი განმარტების გარეშე, საგამოძიებო ორგანოს დღემდე არ მიუღია რაიმე პასუხი გამოთხოვილ ინფორმაციასთან/დოკუმენტაციასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ამგვარი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ მოიპოვება სისხლის სამართლის საქმეში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმიდან მოყვანილი კონკრეტული ფაქტი და განცხადებაში მითითებული გარემოებების ერთობლიობა, ჩემს მარწმუნებელს უქმნის გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ კიდევ ერთი შვეიცარული ბანკი Julius Baer-ი გვევლინება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უკანონო და უსაფუძვლო დავალებების შესრულების მექანიზმად/ბერკეტად. აღნიშნული კი, ვლინდება როგორც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში, ასევე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე (რომელშიც დაზარალებულს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი) საგამოძიებო ორგანოსათვის გამოთხოვილი ინფორმაციის ფაქტობრივად დამალვაში.


2023 წელს, სინგაპურის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელის განხილვა დაასრულა და შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს საქართველოს ექსპრემიერისთვის მიყენებული ზარალის გამო, 926 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ივანიშვილის ადვოკატებმა Credit Suisse-ს სინგაპურის გარდა, ახალ ზელანდიასა და ბერმუდაშიც უჩივლეს. საქმე თაღლითურ ტრანზაქციებს უკავშირდება, რომელიც ივანიშვილის ყოფილმა პირადმა ბანკირმა, პატრიკ ლესკადრონმა მისი ავტორიზაციის გარეშე განახორციელა, რამაც ოლიგარქის ქონებას მრავალმილიონიანი დანაკარგები მოუტანა.

სინგაპურის სასამართლო ვერდიქტში მიუთითებს, რომ Credit Suisse-ი ივანიშვილის პირადი ბანკირის თაღლითურ ქმედებებზე პასუხისმგებელია და ვალდებულია კლიენტს მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს. ივანიშვილისთვის გადასახდელი კომპენსაცია, დაკარგული თანხების გარდა იმ მიუღებელ შემოსავალსაც მოიცავს, რომელსაც ოლიგარქი აქტივების თაღლითობის გარეშე მართვის შემთხვევაში მიიღებდა.

ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირი პატრიკ ლესკადრონი 2015 წელს დააკავეს, 2018 წელს მას 5-წლიანი სასჯელი მიუსაჯეს, 2020 წელს კი მან თავი მოიკლა.

თავისხმრივ, Credit Suisse-ის წარმომადგენლები სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებას არასწორად მიიჩნევენ და გასაჩივრებას გეგმავენ.

"განაჩენი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა არასწორია და ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ დარღვევებს შეიცავს. ვგეგმავთ მტკიცედ განვაგრძოთ გასაჩივრების პროცესი". - წერია შვეიცარიული ბანკის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილმა გასულ წელს ბერმუდის სასამართლოში Credit Suisse-ს ერთი საქმე უკვე მოუგო. შვეიცარიული ბანკის ბერმუდულ ფილიალს ადგილობრივმა სასამართლომ ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

ამავდროულად, მომდევნო კვირაში შვეიცარიული საინვესტიციო ბანკის, UBS-ის მიერ Credit Suisse-ის ყიდვის პროცესი დასრულდება. შესაბამისად, ივანიშვილისთვის კომპენსაციის გადახდა, საბოლოოდ UBS-ს მოუწევს. UBS-მა Credit Suisse-ის აქციები 3 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის სანაცვლოდ შეიძინა.

Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები

2024 წლის იანვარში, ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკთან ფულის გათეთრების საქმე წააგო - კერძოდ, საქმე ეხებოდა ყოფილ ბანკირს, პატრიკ ლესკადრონს, რომელსაც ბრალად ხელმოწერებისა და კლიენტის ანგარიშის გამოწერების გაყალბება და ამის საფუძველზე ივანიშვილის ანგარიშებიდან მილიონების უკანონოდ გადარიცხვა ედებოდა. 

კომენტარები