ბიძინა ივანიშვილი

სინგაპურის სასამართლომ UBS-ის მიერ ივანიშვილისთვის გადასახდელი თანხა $282 მილიონით შეამცირა

ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების რიგით მე-8 ყრილობაზე
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

სინგაპურის საერთაშორისო კომერციული სასამართლომ, შვეიცარულ ბანკის UBS-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადასახდელი თანხა $282 მილიონით შეამცირა

მანამდე, ბანკი ვალდებული იყო ივანიშვილისთვის ზიანის ანაზღაურების სახით $743 მილიონი გადაეხადა, თუმცა, სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით, ბანკს $461 მილიონის გადახდა დაევალა. 

2023 წელს, სინგაპურის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელის განხილვა დაასრულა და შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს საქართველოს ექსპრემიერისთვის მიყენებული ზარალის გამო, 926 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ივანიშვილის ადვოკატებმა Credit Suisse-ს სინგაპურის გარდა, ახალ ზელანდიასა და ბერმუდაშიც უჩივლეს. საქმე თაღლითურ ტრანზაქციებს უკავშირდება, რომელიც ივანიშვილის ყოფილმა პირადმა ბანკირმა, პატრიკ ლესკადრონმა მისი ავტორიზაციის გარეშე განახორციელა, რამაც ოლიგარქის ქონებას მრავალმილიონიანი დანაკარგები მოუტანა.

სინგაპურის სასამართლო ვერდიქტში მიუთითებს, რომ Credit Suisse-ი ივანიშვილის პირადი ბანკირის თაღლითურ ქმედებებზე პასუხისმგებელია და ვალდებულია კლიენტს მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს. ივანიშვილისთვის გადასახდელი კომპენსაცია, დაკარგული თანხების გარდა იმ მიუღებელ შემოსავალსაც მოიცავს, რომელსაც ოლიგარქი აქტივების თაღლითობის გარეშე მართვის შემთხვევაში მიიღებდა.

ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირი პატრიკ ლესკადრონი 2015 წელს დააკავეს, 2018 წელს მას 5-წლიანი სასჯელი მიუსაჯეს, 2020 წელს კი მან თავი მოიკლა.

თავისხმრივ, Credit Suisse-ის წარმომადგენლები სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებას არასწორად მიიჩნევენ და გასაჩივრებას გეგმავენ.

"განაჩენი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა არასწორია და ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ დარღვევებს შეიცავს. ვგეგმავთ მტკიცედ განვაგრძოთ გასაჩივრების პროცესი". - წერია შვეიცარიული ბანკის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილმა გასულ წელს ბერმუდის სასამართლოში Credit Suisse-ს ერთი საქმე უკვე მოუგო. შვეიცარიული ბანკის ბერმუდულ ფილიალს ადგილობრივმა სასამართლომ ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

ამავდროულად, მომდევნო კვირაში შვეიცარიული საინვესტიციო ბანკის, UBS-ის მიერ Credit Suisse-ის ყიდვის პროცესი დასრულდება. შესაბამისად, ივანიშვილისთვის კომპენსაციის გადახდა, საბოლოოდ UBS-ს მოუწევს. UBS-მა Credit Suisse-ის აქციები 3 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის სანაცვლოდ შეიძინა.

Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები

მიმდინარე წლის იანვარში, ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკთან ფულის გათეთრების საქმე წააგო - კერძოდ, საქმე ეხებოდა ყოფილ ბანკირს, პატრიკ ლესკადრონს, რომელსაც ბრალად ხელმოწერებისა და კლიენტის ანგარიშის გამოწერების გაყალბება და ამის საფუძველზე ივანიშვილის ანგარიშებიდან მილიონების უკანონოდ გადარიცხვა ედებოდა. 

კომენტარები