ტრამპის ადმინისტრაცია

"იწყება ამერიკის ოქროს ხანა" – მთავარი ტრამპის საინაუგურაციო სიტყვიდან

აშშ-ს 45-ე და 47-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი

აშშ-ს 45-ე და 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმის როტონდაში ფიცის დადების შემდეგ, ამერიკელ ხალხს სიტყვით მიმართა და "ამერიკის სრული აღდგენისა და საღი აზრის რევოლუციის" დაწყების პირობა დადო.

"ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება". - თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ "დღეიდან ჩვენი ქვეყანა აყვავდება".

სიტყვით გამოსვლა ტრამპმა მისი წინამორბედის, ჯო ბაიდენის კრიტიკით დაიწყო:

"ჩვენ ახლა გვყავს მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია სახლში მარტივი კრიზისის მართვაც კი, ხოლო ამავდროულად ეჩეხება უწყვეტ კატასტროფულ მოვლენებში ქვეყნის მიღმა. ჩვენი არაჩვეულებრივი კანონმორჩილი ამერიკელი მოქალაქეების დაცვას ვერ ახერხებს, მაგრამ თავშესაფრითა და უსაფრთხოებით უზრუნველყოფს სახიფათო დამნაშავეებს, რომელთაგანაც ბევრი ციხეებიდან და ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან არიან და მთელი მსოფლიოდან ჩვენს ქვეყანაში არალეგალურად შემოვიდნენ". - თქვა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ იგი "რიგ აღმასრულებელ ბრძანებებს" გამოსცემს, რომელთა სამიზნეც იმიგრაციისა და ეკონომიკის საკითხები იქნება. ტრამპის თქმით, აშშ-ს სამხრეთ საზღვარზე "საგანგებო მდგომარეობას" გამოაცხადებს, რითაც ქვეყანაში იმიგრაცია შეწყდება, ხოლო "დამნაშავე იმიგრანტების" დეპორტაცია დაიწყება.

სიტყვით გამოსვლაში ტრამპმა ასევე თქვა, რომ მისი სიცოცხლე ღმერთის წყალობით გადარჩა, რათა ამერიკა კვლავ დიდებული გახდეს.

აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის თქმით, თანამდებობაზე ყოფნის პირველივე წუთებიდან "ეროვნული ენერგეტიკის საგანგებო მდგომარეობას" გამოაცხადებს, რათა ენერგოსექტორში ფასებმა დაბლა დაიწიოს.

ამასთანავე, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მექსიკის ყურის სახელის შეცვლას აპირებს:

"ამერიკა უკან დაიბრუნებს დამსახურებულ ადგილს, როგორც ყველაზე დიდებულ, ყველაზე ძლიერ და ყველაზე პატივნაცემ ქვეყნად დედამიწაზე". - თქვა მან და დაამატა, რომ "ჩვენ მექსიკის ყურეს ამერიკის ყურედ გადავარქმევთ".

ამას გარდა, ტრამპის თქმით, პანამამ დაარღვია აშშ-სთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც პანამის არხის მართვაში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას გულისხმობდა:

"ამერიკულ გემებს მძიმედ ზედმეტს ახდევინებენ და სამართლიანად არ ეპყრობიან არანაირი გზით, ფორმითა და კუთხით, და ეს აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებსაც მოიცავს". თქვა ტრამპმა.

მისი თქმით, "პანამის არხი ჩინეთისთვის არ მიგვიცია, ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ".

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ მას სურს, "მშვიდობის მომტანი და გამაერთიანებელი" იყოს და ჯარის გაძლიერებასაც გაუსვა ხაზი.

"როგორც 2017-ში, ჩვენ კვლავ ავაშენებთ ყველაზე ძლიერ არმიას, რაც მსოფლიოს ოდესმე უნახავს. ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ მოგებული ბრძოლებით, არამედ დამთავრებული ომებით, და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვნად, ომებში არ ჩაბმით გავზომავთ". - თქვა მან.

ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ პლანეტა მარსზე ამერიკელი ასტრონავტების გაგზავნით ამერიკის დროშა აღიმართება:

"ვარსკვლავებისკენ ჩვენს გამოცხადებულ ბედ-იღბალს მივყვებით ამერიკელი ასტრონავტების გაშვებითა და პლანეტა მარსზე ამერიკის დროშის აღმართვით". - აღნიშნა ტრამპმა.

კომენტარები