ივანიშვილის მოსამართლე ნინო თარაშვილმა 21 წლის გიორგი მინდაძე პატიმრობაში დატოვა. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზეც იმსჯელეს. დაცვის მხარემ მინდაძის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა და საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
საქმის არსებითი განხილვა 3 თებერვალს, 11:00 საათზე დაიწყება.
"სინამდვილეში, დღეს ბოლომდე დავრწმუნდი, რომ ჩემი შვილი სინდისის პატიმარია. რისთვის ზის, რისთვის უნდა მოიხადოს სასჯელი, რას ედავებიან, ვერაფერს ვერ უმტკიცებენ, რაზე გვაწვალებენ. ეტყობა უნდათ რომ გაგვტეხონ, მაგრამ არავის არაფერი არ გვაქვს გასატეხი. მე, როგორც დედა, მედგრად ვიდგები. ყველგან ვივლი, ფეხშიშველიც ვივლი, ყველგან სამართალს მოვძებნი და მივაღწევ და ვიზეიმებთ. მედგრად არის ისიც შიგნიდან, როგორ პოზიციაზეც იყო პატრიოტული სიყვარულით ისევ ისეა. მეტ ინფორმაციას მთხოვს ხოლმე, რა ხდება, რომ მივაწოდო, კიდევაც მივაწოდებ, კიდევაც ვივლი აქციაზე და კიდევაც ვივლი ყველგან". - თქვა გიორგი მინდაძის დედამ.
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, 21 წლის გიორგი მინდაძე პირველ დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას 29 ნოემბერს პოლიციელისთვის პიროტექნიკის სროლას ედავება. მინდაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.