პრო-ევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული აქციის მონაწილეების უფლებადამცველებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
მათი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლო ყოველდღიურად ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და ცდილობს, "შური იძიოს თავისუფალ ადამიანებზე"
"ათეულობით თავისუფალ ადამიანს იბარებენ სასამართლოში, რომ რამენაირად სისტემამ მათზე განახორციელოს რეპრესიები.
ჩვენ კი ვიცით, რომ სასამართლო უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ნახავენ სამართალს, მაგრამ დღეს ყოველდღიურად სასამართლო ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და ცდილობს შური იძიოს თავისუფალ ადამიანებზე.
სისტემამ ათეულობით ადამიანი აიყვანა ტყვედ და გამოკეტა ციხეში და სასამართლომ კი შეასრულა პოლიტიკური დავალება და ყველას პატიმრობა მიუსაჯა მტკიცებულებების გარეშე
ჩვენ, ადვოკატები ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ეს ადამიანები განთავისუფლდნენ და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ ოჯახებს , მაგრამ სინდისის პატიმრების განთავისუფლება მხოლოდ შეუძლია ქართველ ხალხს და ეს ხაზი, მათი თავისუფლების გადის სწორედ აქ, რუსთაველზე
თავისუფლება რუსული რეჟიმის პოლიტიკურ ტყვეებს". - თქვა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.
ცნობისთვის, 10 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 ადამიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა.
სასამართლო სხდომაზე 11 ადამიანის - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის ერთ წარმოებად გაერთიანებული საქმეები განიხილეს.
11 იანვარს რეჟიმის მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ აქციების ფარგლებში დაკავებული 8 პირი პატიმრობაში დატოვა. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში რეჟიმის სამართალდამცავების მიერ დაკავებული ვეფხია კასრაძის, ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმეები განიხილებოდა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.