17 იანვარს, 14:00 საათზე, რუსთავში, N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებასთან ნეტგაზეთისა და ბათუმელების დაკავებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა მთის ამბების რედაქტორი, გელა მთივლიშვილი ავრცელებს.
"მეგობრებო, ხვალ მზიას ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ. ბევრი უნდა ვიყოთ, რომ ჩვენმა მხარდაჭერამ ციხის სქელ და ყრუ კედლებში შეაღწიოს. თითოეული ჩვენგანის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.
ხვალ, პარასკევს, 17 იანვარს, 14:00 საათზე, რუსთავში, N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებასთან, ჟურნალისტები, მედიის პროფესიული და უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები რუსული რეჟიმის მიერ, უკანონოდ დაპატიმრებული ჩვენი კოლეგის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად აქციას გავმართავთ". - წერს მთივლიშვილი Facebook-ზე.
-
ომბუდსმენმა მზია ამაღლობელის საქმეზე სააპელაციოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა
-
მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრდა
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.
"მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე". - თქვა მოსამართლემ.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.
მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.