რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

Bloomberg: მოლაპარაკებებზე პუტინი მოითხოვს, რომ უკრაინა NATO-ში არასდროს გაწევრიანდეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

გამოცემა Bloomberg საკითხზე ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ნებისმიერ სამომავლო დისკუსიაში რუსეთი მოითხოვს, რომ უკრაინამ NATO-სთან სამხედრო ურთიერთობა შეწყვიტოს და ნეიტრალური სახელმწიფო გახდეს შეზღუდული არმიით.

გამოცემასთან კრემლის პოზიციაში გარკვეული პირები ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღითიდღე უფრო თავდაჯერებულია, რომ უკრაინაში ბრძოლის ველზე უპირატესობა აქვს. Bloomberg-ის ცნობით, პუტინი მიზანდასახულია მიაღწიოს, რომ უკრაინა NATO-ს წევრი ვერასდროს გახდეს.

Bloomberg-თან საუბრისას პირები, რომლებიც სამომავლო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რუსეთის სამზადისზე არიან ინფორმირებულები, ამბობენ, რომ კრემლის პოზიციით, შესაძლოა, NATO-ს ცალკეულმა წევრებმა უკრაინას ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმების ფარგლებში შეიარაღება მოაწოდონ, მაგრამ ამ სახით მიწოდებული ნებისმიერი შეიარაღება რუსეთის წინააღმდეგ ან ტერიტორიების დაბრუნებისთვის გამოყენებული არ უნდა იყოს.

წყაროებმა Bloomberg-ს ასევე განუცხადეს, რომ უკრაინა და რუსეთი შეზღუდული სახით მოლაპარაკებებს კატარში მართავენ, რათა ბირთვული ობიექტები იერიშებისგან დაცული იყოს.

მოლაპარაკებებში გარკვეული უკრაინელი მაღალჩინოსნების თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის ამჟამად მოლაპარაკებები მხოლოდ ტყვეების გაცვლასა და რუსეთში დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას ეხება.

ზოგიერთი წყაროს ცნობით, რუსეთის მოთხოვნები ასევე მოიცავს, სულ მცირე, დე ფაქტო კონტროლის შენარჩუნებას უკრაინის ტერიტორიების თითქმის 20%-ზე, რომელიც რუსეთს ოკუპირებული აქვს, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძულზეც. თუმცა, ზოგიერთის თქმით, რუსეთი მზადაა ზოგიერთი ტერიტორიის გაცვლაზე.

კომენტარები