ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

გორდულაძე აბუ-დაბიში მომხდარზე: პასუხი იყო დამახასიათებელი ქართველი მამაკაცებისათვის

ადამიანებს შეურაცხყოფასთან დაკავშირებით განსხვავებული რეაქციები გვაქვს ხოლმე - ზოგს მოთმენის მეტი შესაძლებლობა აქვს, ზოგს - ნაკლები. როდესაც ოჯახს და საკუთარ დედას გიგინებენ და ქართველი ხარ, რა თქმა უნდა, ამაზე რეაქცია გექნება. რეაქციის ფორმები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მაგრამ ყველამ კარგად დაიმახსოვროს, რომ როდესაც ადამიანის ღირსებას შეეხები, ღირსების შელახვასა და შეურაცხყოფაზე პასუხი იქნება ქართული - ისეთი რეაგირება, რაც დამახასიათებელია ქართველი მამაკაცებისათვის.

ის, რომ ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება დედის შეურაცხყოფა და გინება პრობლემას არ წარმოადგენს, საქართველოში ეს ასე არ არის, არც არასდროს ყოფილა და არც იქნება. დედის შეურაცხყოფაზე რეაქცია ყველა ქართველს ექნება. საერთოდ, უცხო ადამიანის მშობლებს რომ აყენებენ შეურაცხყოფას, მაშინ წამოვენთებით და მაშინ გვაქვს ჩვენ ჩვენი რეაქცია.

მოსაწონი და ლამაზი საყურებელია? - არა! არც ის არის მოსაწონი და ლამაზი საყურებელი, როცა ადამიანს დედას აგინებ და ისეთ ბრალდებას წაუყენებ, როგორიცაა სამშობლოს ღალატი. მით უფრო, ეს მიუღებელია იმ ადამიანებისგან, რომელთაც დაფიქრებაც კი ეზარებათ ან ასეთი დავალება აქვთ მიღებული სხვადასხვა პირებისგან.

ყველა ადამიანს მოვუწოდებ სიმშვიდე შეინარჩუნონ, სხვა ადამიანის უფლებებს სცენ პატივი და არავინ არც კი გაივლოს გულში, რომ სხვა ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენონ, მით უფრო დედა შეაგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველა უნდა ელოდოს, რომ რეაგირება, რეაქცია იქნება - ზოგს განსხვავებული პასუხი ექნება, მაგრამ პასუხს ყველა მიიღებს!

თქვა ქართული ოცნების წევრმა, არჩილ გორდულაძემ.

13 იანვარს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს აბუ დაბიში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირების ვიდეოებს გაბიტაშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.

კომენტარები