ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს აბუ დაბიში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირების ვიდეოებს გაბიტაშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე აქვეყნებს.
გაბიტაშვილმა Facebook LIVE-ში აღნიშნული ფაქტის დეტალებზე ისაუბრა.
"საუზმეზე ჩამოვედი, ამათ ეგონათ, რომ შემეშინდებოდა. სასტუმროში მარტო ვარ, ჩემს მეუღლესთან ერთად, ვიჯექი ჩემთვის და ზარქუამ, ალბათ, გუშინდელმა ვიდეოებმა და მთელმა ტკივილმა, რაც გუშინ მიიღო რუსული ღალატისთვის და პირდაპირ პირში რომ ვეძახე, ამან ვერ მოითმინა და ალბათ, საკალათბურთო მთელმა სფერომ სანიკიძეს ისე დასცინა, მერე ყველამ აიგდო, რომ გამწარებულები, გაგიჟებულები იყვნენ, მომვარდნენ. ამას ხომ ველოდი, ვიცი, ჩვეულებრივი ამბავი, პატარა კაცების ამბავია. არაფრის არ გვეშინია, პროცედურებს ყველაფერს მივყვებით მშვიდად, არც ვნერვიულობ, არაფერი დამშავებია". - თქვა გაბიტაშვილმა.
გუშინ, 12 იანვარს ლაშა გაბიტაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც აბუ დაბიში ჩასულ ქართული ოცნების დეპუტატებს "გამყიდველები და მოღალატეები" უწოდა.