რესტორან ბაბილოსთან 12 იანვარს დაკავებულ შაკო მაღრაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, მისი ადვოკატები კი, რომლებმაც დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, 300-300 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მილდენბერგმა მიიღო.
მაღრაძის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის თქმით, სასამართლო გადაიქცა შურისძიების მექანიზმად.
"დღეს სასამართლომ ის ადამიანი დასაჯა შურისძიების მოტივით. ეს მოსამართლე იმყოფებოდა აღნიშნულ რესტორანში. ვერ აიტანა სასამართლომ, რომ თავისუფალი ადამიანები აპროტესტებდნენ მათ ქმედებებს და 12 დღე მიუსაჯა ადამიანს, რომელზეც საერთოდ მტკიცებულებები არ არსებობდა. ასევე დაგვაჯარიმა ადვოკატები იმიტომ, რომ ბოლომდე ვიცავდით თავისუფალ ადამიანებს" - თქვა ტყეშელაძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.
ლელა მილდენბერგმა ბაბილოსთან დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქე, ნუცა მახარაძე 3 000 ლარით დააჯარიმა.
გუშინ, 12 იანვარს თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან ბაბილოში მოსამართლეების კორპორაციული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სანქცირებული ლევან მურუსიძე მასპინძლობდა.
კორპორაციული წვეულების ფონზე რესტორანთან მოქალაქეებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და აქციების დროს დაპატიმრებულთა მშობლებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს.
ივანიშვილის მოსამართლეების კორპორაციული ღონისძიება საპროტესტო აქციის პარალელურად გვიანობამდე გაგრძელდა, საპოლიციო ძალებმა დააკავეს აქციის 9 მონაწილე, ხოლო მოსამართლეებმა რესტორანი სპეციალური კორდონის საშუალებით დატოვეს.
ადმინისტრაციული წესით ჯამში 9 ადამიანი დააკავეს. მათ 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.