დღეს, 13 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლო 11 იანვრის ღამეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქციის მონაწილეების საქმეებს განიხილავს. ბათუმელების ცნობით, სამ მათგანს: მათე ცენტერაძეს, გოდერძი ფრანგიშვილს და თემურ ქათამაძეს 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა კიდევ ორ მოქალაქეს, ძლიერი საქართველოს წევრ ვაჟა დარჩიას და მალხაზ ირემაძეს.
სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად.
პროკურატურა გამოცემების ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორის მზია ამაღლობელის პატიმრობას ითხოვს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 14 იანვარს 11:00 საათზე განიხილება.
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.