ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

4 დაკავებული პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს - ომბუდსმენი

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, თბილისსა და ბათუმში მიმდინარე აქციებზე 11 და 12 იანვარს დაკავებული 16 ადამიანი მოინახულეს, საიდანაც 4 მათგანი პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს.

"12-13 იანვარს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ფოთში დამატებით 16 დაკავებული მოქალაქე მოინახულეს. მათგან ოთხი პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს.

თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატმა შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. სახალხო დამცველი მოახდენს გამოძიების მონიტორინგს.

არაერთი დაკავებული მიუთითებს, რომ ისინი უსაფუძვლოდ დააკავეს და მათ კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები არ განუმარტეს. ასევე მიუთითებენ პოლიციის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. ერთ-ერთ დაკავებულს გამოცხადებული აქვს შიმშილობა უსაფუძვლო დაკავების გამო პროტესტის გამოხატვის მიზნით". - წერია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

ასევე, სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 13 იანვრის ღამეს ერთი შემთხვევა იყო, როცა სახალხო დამცველის რწმუნებულს შსს-ს ერთ-ერთ შენობაში შესვლისა და დაკავებულების დაუყოვნებლივი მონახულების შესაძლებლობა არ მიეცა. 

"შესაბამისად, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს - უზრუნველყოს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებს არ შეექმნათ დაბრკოლებები დაკავებულთა მონახულების პროცესში". - წერია განცხადებაში.

12 იანვარს რესტორან ბაბილოსთან, სადაც მოსამართლეების კორპორაციული ღონისძიება იმართებოდა, პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა. 

ბათუმში კი 11 და 12 იანვარს მიმდინარე აქციებზე ჯამში 18 პირი დააკავეს.

კომენტარები