ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

როგორ მიმდინარეობს მოსამართლეების კორპორაციული ღონისძიება რესტორან ბაბილოში

დღეს, 12 იანვარს თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან ბაბილოში მოსამართლეების ერთობლივი კორპორაციული ღონისძიება გაიმართა. მოსამართლეთა კორპორაციულ ღონისძიებას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სანქცირებული ლევან მურუსიძე მასპინძლობდა.

კორპორაციული წვეულების ფონზე რესტორანთან მოქალაქეებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და აქციების დროს დაპატიმრებულთა მშობლებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს. 

სტუმრები რესტორანში სტვენის და შეძახილების ფონზე, ე.წ. სირცხვილის დერეფნის გავლით შედიოდნენ. "მონებო, მონებო! ცეცხლი ჭამეთ, მონებო!" - ისმოდა შეძახილები შესასვლელთან.

"კორუმპირებული სასამართლო აუქმებს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს" - ეწერა ერთ-ერთ საპროტესტო ბანერზე.

აქციის დაწყებიდან ცოტახანში სტუმრებმა რესტორნის დატოვება დაიწყეს, ადგილზე კი საპოლიციო ძალები მივიდნენ.

"კადრი რომ ვნახე რა მდგომარეობაში იყვნენ აცრემლებული დედები და უცებ მოსამართლე ამბობს, კი მექეიფებაო, როგორ უნდა გავჩერებულიყავი სახლში, მე არ ვიცი, ამიტომ მოვედი აქ, რომ ჩემი პროტესტი დავაფიქსირო აი ამ მოსამართლეებთან, რომლებსაც სამართალთან არც ჩაუვლიათ" - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი.

ამასთან ერთად, რესტორან ბაბილოსთან კომპანია Yandex Food-ის მანქანა მივიდა, რომელიც აქციის მონაწილეებმა შენობასთან ახლოს არ მიუშვეს.

"გახმაურდა ეგეთი ამბავი, რომ საჭმელში სტაფმა ჩაუფურთხა... საჭმელი შეუკვეთეს სამარშუტო მანქანით". - ამბობდა საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე. ტაბულას ჟურნალისტს კი მძღოლმა უთხრა, რომ საკვების არა მოსატანად, არამედ წასაღებად იყო გამოძახებული.

აქციის მიმდინარეობის პარალელურად ტაბულას ჟურნალისტმა ასევე გარედან გადაიღო კადრები, სადაც ჩანდა, რომ მოსამართლეების ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე შენობაში სიგარეტს ეწევა.

რაღაც დროის შემდეგ რესტორანთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან მურუსიძე გავიდა, მაგრამ მას ჟურნალისტებისა და მოქალაქეების კითხვებზე პასუხი არ გაუცია.

კომენტარები