გრენლანდიის პრემიერმინისტრმა მუტე ეგედემ 10 იანვარს განაცხადა, რომ იგი მზადაა აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სალაპარაკოდ, რომელმაც ბოლო დღეებში კვლავ გამოთქვა აშშ-ს მიერ გრენლანდიის შესყიდვის სურვილი.
კოპენჰაგენში გამართულ პრესკონფერენციაზე ეგედემ კითხვაზე, ესაუბრა თუ არა იგი ტრამპს, მან უპასუხა, რომ "არა, მაგრამ სალაპარაკოდ მზად ვართ".
ამასთანავე, დანიის პრემიერმა მეტე ფრედერიკსენმა, რომელმაც იმავე პრესკონფერენციას მიმართა, განაცხადა, რომ ტრამპთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა დაამატა, რომ ინაუგურაციამდე შეხვედრას არ მოელის.
მუტე ეგედემ ასევე ხაზი გაუსვა გრენლანდიის მისწრაფებებს. მისი თქმით, "ჩვენ დამოუკიდებლობის სურვილი გვაქვს, სურვილი, რომ ჩვენი სახლის ბატონ-პატრონი თავად ვიყოთ... ეს არის ის, რასაც ყველამ პატივი უნდა სცეს".
"მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანაირ კავშირს, ყველანაირ თანამშრომლობას და ურთიერთობას ვწყვეტთ დანიასთან". - დაამატა ეგედემ.