დონალდ ტრამპი

ტრამპმა ვენესუელის პრეზიდენტად მადუროს ოპონენტი, ედმუნდო გონსალესი აღიარა

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ვენესუელაში "თავისუფლებისთვის მებრძოლ" ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო ნიკოლას მადუროს ოპონენტი, ოპოზიციონერი ედმუნდო გონსალესი ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტად მოიხსენია:

"დემოკრატიისთვის ვენესუელელი აქტივისტი, მარია კორინა მაჩადო და არჩეული პრეზიდენტი გონსალესი მშვიდობიანად გამოხატავენ ვენესუელელი ხალხის ხმასა და ნებას, რეჟიმის წინააღმდეგ მომიტინგე ასობით ათას ხალხთან ერთად. დიდებული ვენესუელელი ამერიკელების საზოგადოება აშშ-ში, დიდი უმრავლესობით ემხრობა თავისუფალ ვენესუელას, რასაც მე მტკიცედ ვუჭერ მხარს.

ამ თავისუფლებისთვის მებრძოლებს ზიანი არ უნდა მიადგეს, და უნდა დარჩნენ უსაფრთხოდ და ცოცხლად!" - წერს ტრამპი

ცნობისთვის, პრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაციამ 2 აგვისტოს ვენესუელის არჩევნებში გამარჯვებულად ნიკოლას მადუროს ოპონენტი და ოპოზიციის კანდიდატი, ედმუნდო გონსალესი აღიარა, ხოლო ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობები, რომ მარია კორინა მაჩადო, რომელიც თვეების განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა, კარაკასში მიმდინარე აქციაზე გამოსვლის შემდეგ მადუროს რეჟიმმა დააკავა.

კომენტარები