ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი X-ზე საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი შესაძლოა ახალი არჩევნები იყოს.
"საფრანგეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევას არ ვაპირებ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგების 61% მხარს უჭერს პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას და 50%-ს სურს ეროვნული ასამბლეის დაშლა, ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იყოს". - ნათქვამია პაპუაშვილის პოსტში.
საქართველოში საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის თქმით, ემანუელ მაკრონი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს. ამის შესახებ გასრი X-ზე წერს.
"ემანუელ მაკრონი დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლების მხარდაჭერას ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად ასახელებს. ის საქართველოში დემონსტრანტებისა და სალომე ზურაბიშვილის გამბედაობას აფასებს და ხაზს უსვამს, რომ ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს". - წერს გასრი.
მანამდე, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ელჩების ყოველწლიურ შეხვედრაზე, საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ისაუბრა და მაგალითად ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დესტაბილიზაცია დაასახელა.