საქართველოში საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის თქმით, ემანუელ მაკრონი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს. ამის შესახებ გასრი X-ზე წერს.
"ემანუელ მაკრონი დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლების მხარდაჭერას ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად ასახელებს. ის საქართველოში დემონსტრანტებისა და სალომე ზურაბიშვილის გამბედაობას აფასებს და ხაზს უსვამს, რომ ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს". - წერს გასრი.
მანამდე, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ელჩების ყოველწლიურ შეხვედრაზე, საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ისაუბრა.
"ბოლო წლების განმავლობაში რუსეთმა გაზარდა აგრესია და შეცვალა ამ აგრესიის ხასიათი ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ნაწილების მიმართ, ჩვენ ამას ვხედავთ სომხეთში, სადაც რუსეთმა უეცრად შეცვალა თავისი მოკავშირეობა და აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მათ წინააღმდეგობას უწევდნენ, საქართველოში საარჩევნო პროცესების დესტაბილიზაციითა და ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით". - თქვა მაკრონმა.