ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

მაკრონი: ვნახეთ რუსეთის მზარდი აგრესია საქართველოში არჩევნების დესტაბილიზაციის გზით

თავდაპირველად, ემანეულ მაკრონის სიტყვის თარგმანში იყო უზუსტობა, თითქოს საფრანგეთის პრეზიდენტი "ბიულეტენების ჩაყრაზე" საუბრობდა, რაც მოგვიანებით შესწორდა სწორი თარგმანით.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის ელჩების ყოველწლიურ შეხვედრაზე, საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო წლებში რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების მიმართ აგრესია საკმაოდ გაიზარდა.

"ბოლო წლების განმავლობაში რუსეთმა გაზარდა აგრესია და შეცვალა ამ აგრესიის ხასიათი ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ნაწილების მიმართ. ჩვენ ამას ვხედავთ სომხეთში, სადაც რუსეთმა უეცრად შეცვალა თავისი მოკავშირეობა და აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მათ წინააღმდეგობას უწევდნენ, საქართველოში, სადაც ცხადად დესტაბილიზაცია გაუკეთა ელექტორალურ პროცესსა და გააყალბა ის.“ - განაცხადა მაკრონმა.

პრეზიდენტმა ისაუბრა სომხეთზე, საქართველოზე და მოლდოვაზე, სადაც რუსეთის ჩარევა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო: "ჩვენ ეს ვნახეთ სომხეთში, სადაც რუსეთი მოულოდნელად აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მას წინ აღუდგნენ. ასევე, საქართველოში საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით. იგივე სცადეს მოლდოვაშიც, მაგრამ არ გამოუვიდათ.“

მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ გაბედული ნაბიჯებისთვის შეაქო და დასძინა: "პრეზიდენტ მაია სანდუს გამბედაობა და სიმტკიცე ნამდვილად აღსანიშნავია.“

მან ასევე ხაზი გაუსვა რუსული ჩარევის ფაქტებს ევროკავშირის წევრ რუმინეთში: "რამდენიმე კვირის წინ რუმინეთს მოუწია არჩევნების [შედეგების] გაუქმება არჩევნებში ჩარევის გამო, რაც აშკარად რუსეთს მიეწერება. ამას ვინ იფიქრებდა 10 წლის წინ?!“

მაკრონმა საფრანგეთის შიდა პოლიტიკაშიც საგარეო ჩარევის მაგალითები მოიყვანა და აზერბაიჯანი დაადანაშაულა: "თავად საფრანგეთი აღმოჩნდა მიუღებელი ჩარევის წინაშე, - მის ზღვისიქითა ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ახალ კალედონიაში, სადაც აზერბაიჯანმა იფიქრა, რომ შეძლებდა საკუთარი პრობლემების მოგვარება, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ სომხეთს.“

კომენტარები