ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ვაჟა დარჩია, აზა გაბუნია და ლევან გორგილაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს

კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრები ვაჟა დარჩია, აზა გაბუნია და კოალიცია ცვლილებისთვის წევრი ლევან გორგილაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესზე დაიბარეს. მათ გზის უკანონოდ გადაკეტვას და აქციის ორგანიზატორობას ედავებიან.

ვაჟა დარჩია სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრალი 174-ე მუხლით წაუყენეს და სასამართლო პროცესი 13 იანვარს ჩაუნიშნეს.

"საქალაქო სასამართლოდან დამირეკეს და მითხრეს, რომ 174-ე მუხლით მედავებიან გზის გადაკეტვას და აქციის ორგანიზატორობას, 13 იანვარს ჩაინიშნა პროცესი მოსამართლე გოგუაძესთან, ამ ეტაპზე მეტი არაფერი ვიცი". - წერს დარჩია.

ასევე 13 იანვარს გაიმართება კოალიცია ცვლილების წევრის, ლევან გორგილაძის პროცესიც.

 

"უსამართლოებმა დამირეკეს სასამართლოდან...

13 იანვარს 15:00 საათზე სასამართლო პროცესი ჩანიშნეს - გზა კანონდარღვევით გადაკეტეთ და თან აქციის ორგანიზატორი ბრძანდებოდიო.

174-ე მუხლია, ადმინისტრაციული. ყველაფერს ეშველება იდეაში, მაგრამ რომელი აქციის ორგანიზატორი ვარ ეგ მაინც გამაგებინეთ". - წერს გორგილაძე.

კომენტარები