ე.წ ბოჩოლების საქმე

ე.წ. ბოჩოლების საქმეზე ქვალონელმა გლეხებმა და თავისუფლების ინსტიტუტმა სასამართლო მოიგეს

ე.წ. ბოჩოლების საქმესთან დაკავშირებით, ქვემო ქვალონელმა გლეხებმა და თავისუფლების ინსტიტუტმა(LIBERTY INSTITUTE) საკონსტიტუციო სასამართლო მოიგეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების პირველი პუნქტი კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.

გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

თავისუფლების ინსტიტუტის ცნობით, ქვემო ქვალონელი გლეხების ძალისხმევით, "საქართველოში ახლა ყველას შეეძლება საკუთარი ბოჩოლები უცხოეთში გაყიდოს, როგორც ეს 2019 წლამდე იყო შესაძლებელი".

"ქვემო ქვალონელმა გლეხებმა და თავისუფლების ინსტიტუტმა საკონსტიტუციო სასამართლო მოიგეს!

ქვემო ქვალონელი გლეხების ძალისხმევით, საქართველოში ახლა ყველას შეეძლება საკუთარი ბოჩოლები უცხოეთში გაყიდოს, როგორც ეს 2019 წლამდე იყო შესაძლებელი და ამასთან, გლეხებმა სასამართლოს მავნე პრაქტიკა შეცვალეს!

2020 წლის ნოემბერში, თავისუფლების ინსტიტუტის მხარდაჭერით, სამმა გლეხმა სოფელ ქვემო ქვალონიდან – ვახტანგ მიმინოშვილმა, ინვერი ჩოკორაიამ და ჯემალ მარკოზიამ – კონსტიტუციური სარჩელით სასამართლოს მიმართა.

ისინი აპროტესტებდნენ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ აკრძალვას, რომელიც ბოჩოლების საზღვარგარეთ გაყიდვას ზღუდავდა - ადგილზე გაყიდვა შეეძლოთ, მაგრამ იგივე ბოჩოლა ირანში რომ წაეყვანა მყიდველს, ეგ აღარ შეიძლებოდა.

მთავრობა სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ხბოები საზღვარგარეთ გაჰყავთ გასასუქებლად და, სადაც ასუქებენ, იმ ქვეყანას ფინანსური სარგებელი აქვსო.

ქვალონელი გლეხები კი აჩვენებდნენ ამ შეზღუდვით გამოწვეულ ზარალს და ითხოვდნენ, რომ სახელმწიფო არ ჩარეულიყო მათი ბოჩოლების საქმეში.

სადავო ნორმა რამდენჯერმე შეიცვალა და უფრო დამძიმდა – თავდაპირველად 110 კგ-მდე ხბოების ექსპორტი იკრძალებოდა, მოგვიანებით აკრძალვა 160 კგ-მდე გაიზარდა.

"ბოჩოლების საქმე" მავნე სასამართლო პრაქტიკის ცვლილების მაგალითიც გახდა.

აქამდე, კანონის ფორმალური ცვლილებით საქმეც წყდებოდა - სასამართლო ამბობდა, რომ სადავო ნორმა აღარ არსებობს, მოქალაქისთვის პრობლემა "ახალი ნორმით" გრძელდებოდა და მთავრობას ჰქონდა საშუალება ტექნიკური მანიპულაციით გაეჩერებინა მათთვის არასასურველი საქმე.

ბოჩოლების საქმემ შეცვალა ეს პრაქტიკა – კანონის ტექნიკური ცვლილება უკვე საკმარისი აღარ იქნება საქმის შეწყვეტისთვის. სასამართლო საქმე გაგრძელდება პრობლემის სრულად მოგვარებამდე.

ვულოცავთ ყველას და განსაკუთრებით ქვალონელ გლეხებს!" - წერს თავისუფლების ინსტიტუტი.

ტაბულა ესაუბრა თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორს, სალომე ხვადაგანს, რომელმაც აღნიშნა, რომ აქამდე, მთავრობას ტექნიკური მანიპულაციით შეეძლო მისთვის პრობლემური საქმის გაჩერება, "ფორმალურად გააუქმებდა წინა ნორმას, შეცვლიდა სიტყვას ან მძიმეს და მიიღებდა ახალს".

ხვადაგიანის თქმთ, სასამართლო საქმეს აჩერებდა, რადგან "ძველი ნორმა" აღარ არსებობდა, "ახალზე" კი სარჩელი ჯერ არ იყო შეტანილი. თუმცა, ე.წ. ბოჩოლების საქმის შემდეგ, რამდენჯერაც არ უნდა გააუქმონ ნორმა, სასამართლოში საქმე არ შეწყდება და გაგრძელდება პრობლემის მოგვარებამდე.

"ქვემო ქვალონელმა გლეხებმა და თავისუფლების ინსტიტუტმა საკონსტიტუციო სასამართლო მოიგეს და ამით ორი დიდი მიღწევა მოიტანეს:

1. ყველას შეუძლია საკუთარი ძროხის გაყიდვა თავისუფლად და სურვილისამებრ, გინდ ქვეყნის შიგნით და გინდ ქვეყნის გარეთ;

2. მთავრობას ვეღარ შეეძლება ტექნიკური მანიპულაციებით სასამართლო პროცესების შეწყვეტა. ქვალონელმა გლეხებმა საკუთარ თავსაც უშველეს, სხვა გლეხებსაც და ვისაც არასდროს დასჭირდება არც ბოჩოლა და არც მეურნეობა იმ მოქალაქეებსაც - სასამართლოს მავნე პრაქტიკა შეცვალეს.

აქამდე, მთავრობას ტექნიკური მანიპულაციით შეეძლო მისთვის უსიამო, პრობლემური საქმის გაჩერება - ფორმალურად გააუქმებდა წინა ნორმას, შეცვლიდა სიტყვას ან მძიმეს და მიიღებდა ახალს. სასამართლო კი საქმეს აჩერებდა, რადგან "ძველი ნორმა" აღარ არსებობდა, "ახალზე" კი სარჩელი ჯერ არ იყო შეტანილი.

ბოჩოლების საქმემ შეცვალა ყველა შემდგომი საქმე - მთავრობას თავის არსენალში ეს ვირეშმაკული მანიპულაცია აღარ აქვს. ბოჩოლების საქმის შემდეგ რამდენჯერაც ფორმალურად არ უნდა გააუქმონ ნორმა, სასამართლოში საქმე არ შეწყდება და გაგრძელდება პრობლემის მოგვარებამდე. ბოჩოლების საქმემ გააუქმა ასევე სულელური და მავნე კანონი, რომლის მიხედვითაც ხბოს ადგილზე დაკვლა და შეჭმა შეგეძლო, მაგრამ თურქეთში ან სომხეთში გადაყვანა - აღარ.

მთავრობის წარმომადგენელი სასამართლოზე ამბობდა, რომ საზღვარგარეთ გასასუქებლად მიჰყავთ ხბოები და იქ გასუქებული ძროხა უფრო ძვირდება და მატერიალურ მოგებას ნახულობს სხვა ქვეყანაო. ამ სულელური დასაბუთებით ხუთი წლის მანძილზე ჩვენს გლეხებს აუკრძალეს საკუთრების შეხედულებისამებრ განკარგვა. ჩვენმა ერთ-ერთმა მოსარჩელემ სწორედ ბოჩოლების გაყიდვით მიღებული თანხებით ასწავლა თბილისში მის შვილს. და ეს შემოსავალი მოუსპეს გლეხებს.

განსაკუთრებით მინდა მივულოცო ვახტანგ მიმინოშვილს, ინვერი ჩოკორაიას და ჯემალ მარკოზიას, რომელთა წყალობით ასეთი სამაგალითო შემთხვევა გვაქვს და ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება გახდა შესაძლებელი.

4 წლის მანძილზე მიმდინარეობდა საქმე - ორჯერ გააუქმეს ნორმა, რათა საქმე გაჩერებულიყო; გვქონდა შემთხვევა, როდესაც ჩვენს გლეხებთან მივიდნენ და ცდილობდნენ ჩვენს მიმართ ნდობა გაექროთ, თითქოს სარჩელზე ხელმოწერით ჩვენ შევძლებდით მათი ხელმოწერის სხვა საქმეებზე და ვიღაც პოლიციელების წინააღმდეგ გამოყენებას, და ძალიან ახლოს იყო ეს საქმე ჩაშლასთან, თუმცა,ამ გამოწვევების დაძლევა შევძელით და 4 წლის თავზე ასეთი შესანიშნავი შედეგი გვაქვს.

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ამ უსამართლო კანონის გამო წლების მანძილზე გლეხებს ზარალი მიადგათ და სასამართლოს ასე გაჭიანურება, ყველა ეტაპის ასე გართულება, არ შეიძლება ხდებოდეს ნორმალურ ქვეყანაში". - თქვა ხვადაგიანმა.

2022 წლის ივლისში  საკონსტიტუციო სასამართლომ თავისუფლების ინსტიტუტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ე.წ. ბოჩოლების საქმით, პლენუმმა აქამდე დამკვიდრებული პრაქტიკა შეცვალა, რომლის მიხედვითაც, სადავო ნორმის გაუქმება ავტომატურად საქმის შეწყვეტას ნიშნავდა. შესაბამისად, ე.წ. ბოჩოლების საქმე საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო.

თავისუფლების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებდა მთავრობის რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, "აკრძალულია 110 კგ-მდე ცოცხალი მასის მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი, გარდა მამრი მსხვილფეხა საქონლისა, რომელზეც გაცემულია ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი". 

"საკუთრების უფლების არსი ილახება, მაშინ, როდესაც მთავრობა უხეშად ერევა კერძო საკუთრების განკარგვაში და მცირე ფერმერს განუსაზღვრავს, რა წონის საქონელი რომელ ბაზარზე გაყიდოს. ფერმერები ვალდებულები არიან, საქონლის შენახვის ხარჯი გასწიონ მანამ, სანამ, მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამის წონას საქონელი არ მიაღწევს - რაც მცირე ფერმერებს, შესაძლოა, თავიანთი საქმიანობის შეწყვეტად დაუჯდეს.

საკუთრების უფლება თავის თავში გულისხმობს, რომ ადამიანმა საკუთრება განკარგოს ისე, როგორც თავისთვის მომგებიანად ჩათვლის. საკუთრების გასხვისების კონსტიტუციური უფლება ადგენს სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს მესაკუთრეს თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის პირობებში, თავისი საკუთრებისგან მიიღოს ღირსეული კეთილდღეობა. მთავრობის რეგულაცია მცირე ფერმერის მეწარმეობის თავისუფლებას ზღუდავს იმდენად, რომ მისი საკუთრების სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენება არა სარგებელთან, არამედ ზიანთან არის დაკავშირებული - კერძოდ, რეგულაცია მსხვილფეხა საქონლის გასაღების ბაზარს ავიწროებს, საქონელზე მოთხოვნას ამცირებს, ფერმერის ხარჯებს ზრდის და, რიგ შემთხვევებში, მათ საქმიანობას აჩერებს". - წერდა ორგანიზაცია. 

კომენტარები