ე.წ ბოჩოლების საქმე

საკონსტიტუციოში ე.წ ბოჩოლების საქმეზე არსებითი განხილვა იწყება

ე.წ ბოჩოლების საქმეზე არსებითი განხილვა იწყება. საკონსტიტუციო სარჩელზე სხდომები 11-12 ოქტომბერს ჩაინიშნა.

თავისუფლების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს მთავრობის რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, "აკრძალულია 140 კგ-მდე ცოცხალი მასის მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი, გარდა მამრი მსხვილფეხა საქონლისა, რომელზეც გაცემულია ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი". 

თავისუფლების ინსტიტუტს მიაჩნია, რომ მთავრობის რეგულაციის შედეგად, მცირე ფერმერებს ეზღუდებათ მათი არსებობისათვის აუცილებელი საკუთრების განკარგვა და თავისუფალი მეწარმეობა. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ექსპორტზე საქონლის გატანის შეზღუდვით მცირე ფერმერებს სადავო რეგულაციამ გასაღების ბაზარი შეუმცირა, რის შედეგადაც, მათ საქონელზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასიც დავარდა. 

თავისუფლების ინსტიტუტის ცნობით, გარდა შინაარსობრივი საკითხებისა, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს ფორმალურ მოთხოვნასაც – კერძოდ, პარლამენტს მთავრობისთვის არ გადაუცია სადავო ნორმაში მოცემული საკითხის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მოწესრიგების უფლებამოსილება. 

ორი თვის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისუფლების ინსტიტუტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ე.წ. ბოჩოლების საქმით, პლენუმმა აქამდე დამკვიდრებული პრაქტიკა შეცვალა, რომლის მიხედვითაც, სადავო ნორმის გაუქმება ავტომატურად საქმის შეწყვეტას ნიშნავდა. შესაბამისად, ე.წ. ბოჩოლების საქმე საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო.

"საკონსტიტუციო სასამართლოში აქამდე იყო პრაქტიკა, რომ ნებისმიერი გასაჩივრებული ნორმის ტექნიკური ცვლილებაც, ვგულისხმობ წერტილის ან მძიმის შეცვლას, საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საქმის განხილვის შეწყვეტას იწვევდა. საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი და სხვა სახელმწიფო უწყებები ამას სათავისოდ იყენებდნენ და თვალში საცემი საქმეები რაც იყო, ამ წერტილისა და მძიმის გადაადგილებით, სამართალწარმოებას მარტივად წყვეტდნენ. ასეთი საქმე კი არის ძალიან ბევრი, როდესაც მოსარჩელეებს იგივე პრობლემაზე სარჩელი რამდენჯერმე შეჰქონდათ და სახელმწიფო უწყებები ამ ტექნიკური ცვლილებებით ახერხებდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა სათავისოდ ბოროტად გამოეყენებინათ და არსებით განხილვამდე საქმე შეეწყვიტათ. ბოჩოლების საქმის ახალი პრაქტიკით, პლენუმმა შეცვალა აქამდე დამკვიდრებული პრაქტიკა და გადაწყვიტა, რომ თუკი მოსარჩელე არის დაინტერესებული და ის მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუკი მის მიერ გასაჩივრებული სადავო ნორმა შეიცვალა, მაგრამ ამის მიუხედავად დაასაბუთებს, რომ პრობლემა იგივე დარჩა და ამ საქმის განხილვის ინტერესი აქვს მსგავსი, ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო ამ საქმეზე სამართალწარმოებას გააგრძელებს და არ შეწყვეტს". - ამბობს იურისტი გვანცა კვარაცხელია. 

ის მიიჩნევს, რომ ცვლილება სახელმწიფოს ქმედებებზე გავლენას მოახდენს და მათ საქმეებზე მანიპულაციის საშუალება აღარ ექნებათ. მან აგრეთვე თქვა, რომ ერთი და იგივე შუამდგომლობით სასამართლოს ორჯერ მიმართეს.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი ცვლილება თავისთავად მოახდენს ზეგავლენას სახელმწიფოს ქმედებებზე. თუ მათ აქამდე მანიპულაციის საშუალება ჰქონდათ და საქმეებს მარტივად წყვეტდნენ, უბრალოდ წერტილისა და მძიმის გადაადგილებით, ახლა უკვე ამას მნიშვნელობა აღარ ექნება და ისინი ნაკლებად შეწუხდებიან ტექნიკური ცვლილებით მოსარჩელეების საქმეების შეწყვეტაზე. ჩვენ ორჯერ მივმართეთ შუამდგომლობით, ერთხელ 2021 წლის 21 აპრილს და მეორედ 2022 წლის 4 ივლისს. ანუ ორჯერ მივმართეთ ერთი და იგივე შუამდგომლობით, რომ ეს პრაქტიკა შეეცვალათ. და თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამაც, რომლის დადგენილებასაც ჩვენ ვასაჩივრებთ, ეს ნორმა ორჯერ შეცვალა. ერთხელ რომ შეცვალა, დადგენილებას უბრალოდ ნომერი შეუცვალა, მეორეჯერ რომ შეცვალა, ნორმაში 140 კგ იყო მითითებული და უბრალოდ 110 კგ გახადა. ანუ ასეთი ტექნიკური ცვლილებით უბრალოდ შეეძლო, რომ ჩვენი საქმე შეეწყვიტა. ამ შუამდგომლობების საფუძველზე კი საკონსტიტუციო სასამართლომ შეცვალა აქამდე დამკვიდრებული პრაქტიკა". - ამბობს გვანცა კვარაცხელია.

კომენტარები