საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ გაიზიარა თავისუფლების ინსტიტუტის შუამდგომლობა და ე.წ ბოჩოლების საქმე პლენუმს გადასცა განსახილველად.
დამკვიდრებული პრაქტიკით დადგენილების ნომრის ტექნიკურად შეცვლა საკმარისი იყო საქმის შესაწყვეტად, რაც აჭიანურებდა სასამართლო პროცესს. თავისუფლების ინსტიტუტი ითხოვდა, მთავრობის მანიპულირების მიუხედავად გაეგრძელებინათ სამართალწარმოება ბოჩოლების საქმეზე.
სასამართლოს მეორე კოლეგიამ მხარი დაუჭირა საქმის გაგრძელებას. მათი განმარტებით, ბოჩოლების საქმის მსგავს სიტუაციაში სამართალწარმოების ავტომატური შეწყვეტა განაპირობებს მოსარჩელისა და სასამართლოს ფუჭ შრომას და მოკლებულია ლოგიკურ ახსნას.
ამასთან, სასამართლოს მეორე კოლეგიამ გააკრიტიკა დამკვიდრებული პრაქტიკა, რადგან ის აჭიანურებს სადავო საკითხის გადაწყვეტას და ამცირებს სასამართლოს ეფექტიანობას.
"სასამართლოს აზრით, ბოჩოლების საქმეში შუამდგომლობაზე უარის თქმა არა მარტო აფერხებს მოსარჩელის უფლების ეფექტიანად დაცვას, არამედ შეუსაბამოა კანონმდელობასთანაც.
მეორე კოლეგიამ დაასკვნა, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა უნდა შეიცვალოს და საკონსტიტუციო სასამართლოს მსგავს შემთხვევებში მიეცეს მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობა" - აღნიშნავს თავისუფლების ინსტიტუტი.
ე.წ ბოჩოლების საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება პლენუმმა უნდა გამოიტანოს.
თავისუფლების ინსტიტუტის იურისტის, გვანცა კვარაცხელიას შეფასებით, მეორე კოლეგიის ეს განჩინება მნიშვნელოვანია არამხოლოდ ბოჩოლების საქმისთვის, არამედ ყველა იმ სარჩელისთვის, სადაც ნორმაშემოქმედი - მთავრობა თუ საკანონმდებლო ორგანო - მანიპულირებით შეეცდება თავიდან აირიდოს მოსარჩელის პრობლემის განხილვა.
"ვიმედოვნებთ, რომ პლენუმი დააკმაყოფილებს თავისუფლების ინსტიტუტის შუამდგომლობას და არ შეფერხდება ქვალონელი გლეხების სარჩელი" - უთხრა კვარაცხელიამ ტაბულას.
თავისუფლების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს მთავრობის რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, "აკრძალულია 140 კგ-მდე ცოცხალი მასის მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი, გარდა მამრი მსხვილფეხა საქონლისა, რომელზეც გაცემულია ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი".
თავისუფლების ინსტიტუტს მიაჩნია, რომ მთავრობის რეგულაციის შედეგად, მცირე ფერმერებს ეზღუდებათ მათი არსებობისათვის აუცილებელი საკუთრების განკარგვა და თავისუფალი მეწარმეობა. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ექსპორტზე საქონლის გატანის შეზღუდვით მცირე ფერმერებს სადავო რეგულაციამ გასაღების ბაზარი შეუმცირა, რის შედეგადაც, მათ საქონელზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასიც დავარდა.
თავისუფლების ინსტიტუტის ცნობით, გარდა შინაარსობრივი საკითხებისა, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს ფორმალურ მოთხოვნასაც – კერძოდ, პარლამენტს მთავრობისთვის არ გადაუცია სადავო ნორმაში მოცემული საკითხის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მოწესრიგების უფლებამოსილება.
"საკონსტიტუციო სასამართლომ დროულად უნდა განიხილოს ეს საქმე, რათა ადამიანებმა სასამართლოს წესით შეძლონ საკუთრებისა და მეწარმეობის თავისუფლების დაცვა, რაც Covid-19 ვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების პირობებში დაზარალებული ადამიანებისთვის დღეს არსებითად მნიშვნელოვანია". – წერს თავისუფლების ინსტიტუტი.