ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნავს, რომ არჩევნების დღეს რამდენიმე ათეული "კუნთმაგარი კაცისგან" შემდგარმა ჯგუფმა მათი დამკვირვებლების ავტომობილს საბურავები გაუხვრიტა და მანქანა დააჯახა.
"PACE-ის გუნდის დაკვირვების დროს სოფელ ბოდბეში, სიღნაღის რაიონში საარჩევნო უბანთან მიუღებელი ინციდენტი მოხდა. დაახლოებით, 40 აგრესიული არამეგობრული კუნთმაგარი კაცისგან შემდგარმა ჯგუფმა საარჩევნო უბნის გარეთ მიზანმიმართულად დააზიანა გუნდის ავტომობილი. [მანქანას] საბურავი გაუხვრიტეს, რის შემდეგაც დამნაშავეებმა სცადეს, მოეხდინათ ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება, რისთვისაც უკვე დაზიანებულ ავტომობილს ძველი მანქანა დააჯახეს". - წერია ანგარიშში.
გარდა ამისა, ანგარიშში ხაზგასმულია სხვადასხვა ტიპის დარღვევები, რომლებმაც, PACE-ს შეფასებით, "მნიშვნელოვნად გამოუთხარა ძირი საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და მისი შედეგების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენა".
- ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, რაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა საარჩევნო უბნების მეოთხედზე დააფიქსირეს; PACE-ის შეფასებით, ამ დარღვევამ "არჩევნების მთლიანობას ძირი გამოუთხარა";
- სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზება; ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების დარეგისტრირება "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად"; კითხვის ნიშნები ცესკოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით;
- არათანაბარი სათამაშო პირობები პარტიებს შორის და ქართული ოცნების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება; არათანაბარი წვდომა მედიაზე და მედიის პოლარიზაცია;
- დაშინებისა და ზეწოლის ფართოდ გავრცელებული კლიმატი, რომელიც მიზანში იღებდა ამომრჩევლებსა და აქტივისტებს; "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი";
- კონტროლირებული გარემო: ატმოსფერო, სადაც "დიდი ძმა გიყურებს", რაც შექმნა ქართული ოცნების მიერ საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების დამონტაჟებამ, რამაც გააჩინა თვალთვალის ფართოდ გავრცელებული შეგრძნება.
- დემოკრატიული უკუსვლა: ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს გამოხატვისა და პირთა გაერთიანების თავისუფლებას, განსაკუთრებით არჩევნებამდე და მისი მიმდინარეობისას, ასევე გენდერული კვოტირების კანონის გაუქმების უარყოფითმა გავლენამ, კიდევ უფრო შეუწყო ხელი ქვეყნის დემოკრატიულ რეგრესს.
PACE-ის მიერ 28 ნოემბერს შედგენილ ანგარიშს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 2025 წლის 27 იანვარს სტრასბურგში, ზამთრის სესიაზე განიხილავს.





