ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

"დიალოგი უნდა გაგრძელდეს" - რა უთხრა კობახიძემ ბიზნესმენებს, რომლებსაც შეხვდა

ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

"დიალოგი უნდა გაგრძელდეს" - რა უთხრა კობახიძემ ბიზნესმენებს, რომლებსაც შეხვდა

ივანიშვილის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესის ნაწილს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, ისაუბრეს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით "მთავრობის ხედვასა და სამომავლო პრიორიტეტებზე".

"პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული გზის ერთგულია და ამაზე მეტყველებს ევროინტეგრაციის კუთხით დღემდე მიღწეული პროგრესი" - წერს ადმინისტრაცია და აღნიშნავს, რომ შეხვედრას ბიზნესის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრას ძირითადად ის ბიზნესმენები ესწრებოდნენ, რომლებსაც პლატფორმა Freebusiness-ზე პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. თუმცა, იყო თავისუფალი ბიზნესის განცხადების რამდენიმე მხარდამჭერიც - მაგალითად, კომპანია არსი, თბილვინო, ნუტრიმაქსი. მათ შეხვედრის დაწყებამდეც განაცხადეს, რაც 2 200-ზე მეტი კომპანიის განცხადებაში წერია. ის, რომ ვითარების დეესკალაციის გზა ხელახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლებაა.

ის, რომ შეხვედრას ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ნაკლები ბიზნესმენი ესწრებოდა, არც მთავრობის ადმინისტრაციას უარუყვია. მათ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ირაკლი კობახიძემ გამოთქვა მზადყოფნა, "დამატებით შეხვდეს ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც ხელისუფლების კურსთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ". ასევე, ივანიშვილის მთავრობის ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ მომავალშიც დაიგეგმება შეხვედრა, "სადაც უფრო მეტად განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენები იქნებიან ჩართულები".

"რადგან ბიზნესში არიან ადამიანები, მათ შორის მსხვილი ბიზნესის ხელმძღვანელები, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, ამიტომ, დიალოგი უნდა გაგრძელდეს, ამაზე სრული მზადყოფნა იყო პრემიერის მხრიდან... გადაწყდა, რომ მომავალშიც დაიგეგმება შეხვედრა, სადაც უფრო მეტად განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენები იქნებიან ჩართულები, იმისთვის, რომ მათ მიიღონ განმარტებები იმ პოლიტიკაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში ხორციელდება" - თქვა დავითაშვილმა და არ გამორიცხა საჯარო დიალოგის შესაძლებლობაც.

შეხვედრის შინაარსზე მისი დასრულების შემდეგ სწორედ ლევან დავითაშვილმა ილაპარაკა. მისი თქმით, "პრემიერმა შეხვედრა წარმართა ძალიან საინტერესო დიალოგის რეჟიმში". მისი ცნობით, "საუბარი იყო პერსპექტივასა და მომავლის ხედვაზე, მათ შორის ხელისუფლების კურსზე". მისი მტკიცებით, ბიზნესმენებს ძალიან დეტალურად განემარტათ, "რომ ერთგული ვართ დაპირებების, რომლებიც საარჩევნოდ ხალხს მივეცით - ღირსებით და კეთილდღეობით ევროპაში მივდივართ და ეს გზა იქნება წარმატებული".

"პრემიერმა საკმოდ დეტალური ანალიზი გააკეთა მიმდინარე პროცესების, სიტუაციის, მათ შორის ვისაუბრეთ პროგნოზებზე, რომლებიც ბიზნესის დიდი ნაწილისთვის იყო დამაჯერებელი" - თქვა მან.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს ყველა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის იყო "არჩევნების ხელახლა ჩატარების თუ არჩატარების შესაძლებლობა". 

"შეგვიძლია, ნებისმიერ შემთხვევაში უსაფუძვლოდ ვისაუბროთ არჩევნების იმდენჯერ გამეორებაზე, ვიდრე ვიღაცისთვის სასურველი შედეგი არ დადგება, თუმცა, ეს სერიოზული მოთხოვნა ვერ იქნება და ეს არ არის განხილვის საგანი. მე ვფიქრობ, ეს ბიზნესმენებმა ძალიან მკაფიოდ გაიგეს და ამასთან დაკავშირებით ბიზნესის იმ ნაწილს, რომელიც დღეს იყო შეხვედრაზე, კითხვა აღარ გაუჩნდება" - ამბობს დავითაშვილი.

თუმცა, Freebusiness-ის მხარდამჭერმა, თბილღვინოს დამფუძნებელმა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგაც გაიმეორა, რომ "კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც შეუძლია გადადგას სახელმწიფომ თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ძლიერის მხრიდან, ეს არის პირველ რიგში გათავისუფლება დაკავებულების და ხელახალი არჩევნები". მანვე აღნიშნა, რომ "რა თქმა უნდა, ბევრი ბიზნესმენი არ იზიარებდა, თუმცა იყვნენ არაერთი, ვინც გამოხატავდა ამ კრიტიკულ აზრებს, მათ შორის - დაკავებულებზე, არაპროპორციულ ძალაზე, მათ შორის, როგორ ეპყრობოდნენ პატიმრებს".

ქართული ოცნების წარმომადგენლებს პატიმრებზე საჯაროდ არაფერი უთქვამთ, თუმცა, როგორც TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიას უთხრა - "ირაკლი კობახიძემ თქვა, პატიმრები ახალ წლამდე გათავისუფლდებიანო". ზაქარაძე ასევე ამბობს, რომ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.

"პრემიერმინისტრი შეგვპირდა, რომ უმოკლეს ვადებში აუცილებლად გადაიგმება ნაბიჯები, რომ ეს ყველაფერი მორჩეს - რაც ბიზნესს ძალიან ვნებს. ახალ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა" - თქვა მან.

აიჯი დეველოპმენტის დამფუძნებელი მინდია საბანაძე ფიქრობს, რომ შეხვედრა ძალიან სწორი ფორმატით ჩატარდა და "პრემიერმა დეტალურად ჩაშალა თავისი ქმედებების ლოგიკა".

"დღესვე ჩაეყარა საფუძველი, რომ განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენებთან შედგება შეხვედრა, ვისაც აქვთ კრიტიკული შეხედულებები... ახლავე ჩაინიშნა ეს, რომ უახლოეს დღეებში ჩაინიშნება შეხვედრა, სადაც ყველა კითხვაზე იქნება გაცემული პასუხი". მისივე მტკიცებით, ირაკლი კობახიძემ "კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროინტეგრაციას, მიმართულებას ევროპისკენ არ აქვს არანაირი უკუსვლა და შეუქცევადი პროცესია".

თეთრი კვადრატის დამფუძნებელი ირაკლი ბურდილაძე, რომელსაც თავისუფალი ბიზნესების განცხადებაზე თავისი მხარდაჭერა არ დაუფიქსირებია, არ თვლის, რომ ქვეყანას პრორუსული კურსი აქვს.

"მე რომ ვთვლიდე, რომ პრორუსული კურსია ქვეყანაში, ამ შეხვედრაზე არ მოვიდოდი, არ ვთვლი, რომ ქვეყანას აქვს პრორუსული კურსი, არის პრობლემები, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი აქედან არის… მე გელაპარაკებით ეკონომიკიდან და ბიზნესიდან გამომდინარე... პოლიტიკური სიტუაცია, რაც დღესაა რეგიონში, გვავალდებულებს გარკვეულ სიფრთხილეს, როგორც აღინიშნა შეხვედრაზე" - ამბობს ბურდილაძე.

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის თქმით კი, "არ უნდა გაგრძელდეს ასე, რომ ეკონომიკა შევინარჩუნოთ როგორმე, იმიტომ, რომ უკვე ეტყობა სხვადასხვა მიმართულებას, ეს იქნება ტურიზმი თუ სარესტორნო ბიზნესი, ძალიან ვარდნაა და უნდა ამოვიდეთ ყველა ერთად ამ მდგომარეობიდან".

"ახლა ყველას გაინტერესებთ, ალბათ, მე ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ რამე ვთქვა და ამას ვერ დამაცდენინებთ დღეს ვერაფრით. ჩვენი უწმინდესი ამბობს, ეშმაკი ჰყოფს, უფალი აერთებს. ეს მაქვს სათქმელი" - თქვა პაპაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ბიზნესის და ირაკლი კობახიძის მორიგი შეხვედრა. ისიც არაა ცნობილი, დაესწრება თუ არა დისკუსიას იმ 2 200-ზე მეტი ბიზნესის წარმომადგენელი, რომელიც ახალი არჩევნების დანიშვნას და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლებას ითხოვს. 

"არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის, 2 241 ბიზნესმენი უჭერს მხარს. მუშავდება კიდევ 664 განაცხადი, ხოლო 120 კომპანიას ამ დრომდე არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია.

კომენტარები