ბიზნესის ნაწილის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა დასრულდა. ივანიშვილის მთავრობის ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, "პრემიერმა შეხვედრა წარმართა ძალიან საინტერესო დიალოგის რეჟიმში". მისი ცნობით, "საუბარი იყო პერსპექტივასა და მომავლის ხედვაზე, მათ შორის ხელისუფლების კურსზე". მისი მტკიცებით, ბიზნესმენებს ძალიან დეტალურად განემარტათ, "რომ ერთგული ვართ დაპირებების, რომლებიც საარჩევნოდ ხალხს მივეცით - ღირსებით და კეთილდღეობით ევროპაში მივდივართ და ეს გზა იქნება წარმატებული".
ის, რომ შეხვედრას უფრო მეტად ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ბიზნესმენები ესწრებოდნენ, არც ლევან დავითაშვილს უარუყვია. მან თქვა, რომ "წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პოზიციასა და მოსაზრებაზე მყოფი ბიზნესმენები - ისინი, ვინც მხარს უჭერენ ხელისუფლების კურსს და ადამიანები, რომელთაც კითხვები გააჩნიათ", მაგრამ მოგვიანებით აღნიშნა, რომ მომავალშიც დაიგეგმება შეხვედრა, "სადაც უფრო მეტად განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენები იქნებიან ჩართულები".
"პრემიერმა საკმოდ დეტალური ანალიზი გააკეთა მიმდინარე პროცესების, სიტუაციის, მათ შორის ვისაუბრეთ პროგნოზებზე, რომლებიც ბიზნესის დიდი ნაწილისთვის იყო დამაჯერებელი.
რადგან ბიზნესში არიან ადამიანები, მათ შორის მსხვილი ბიზნესის ხელმძღვანელები, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, ამიტომ, დიალოგი უნდა გაგრძელდეს, ამაზე სრული მზადყოფნა იყო პრემიერის მხრიდან... გადაწყდა, რომ მომავალშიც დაიგეგმება შეხვედრა, სადაც უფრო მეტად განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენები იქნებიან ჩართულები, იმისთვის, რომ მათ მიიღონ განმარტებები იმ პოლიტიკაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში ხორციელდება" - თქვა დავითაშვილმა და არ გამორიცხა საჯარო დიალოგის შესაძლებლობაც.
ივანიშვილის მთავრობის ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს ყველა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის იყო "არჩევნების ხელახლა ჩატარების თუ არჩატარების შესაძლებლობა".
"შეგვიძლია, ნებისმიერ შემთხვევაში უსაფუძვლოდ ვისაუბროთ არჩევნების იმდენჯერ გამეორებაზე, ვიდრე ვიღაცისთვის სასურველი შედეგი არ დადგება, თუმცა, ეს სერიოზული მოთხოვნა ვერ იქნება და ეს არ არის განხილვის საგანი. მე ვფიქრობ, ეს ბიზნესმენებმა ძალიან მკაფიოდ გაიგეს და ამასთან დაკავშირებით ბიზნესის იმ ნაწილს, რომელიც დღეს იყო შეხვედრაზე, კითხვა აღარ გაუჩნდება" - ამბობს დავითაშვილი.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრას ძირითადად ის ბიზნესმენები ესწრებოდნენ, რომლებსაც პლატფორმა Freebusiness-ზე პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. გამონაკლისი რამდენიმე ბიზნესის წარმომადგენელი იყო - მაგალითად, კომპანია არსი, თბილვინო და ნუტრიმაქსი.





