იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონის თქმით, რუსეთი გაცილებით მეტ საფრთხეს უქმნის ევროკავშირის უსაფრთხოებას, ვიდრე მხოლოდ თავდაცვას, მოსკოვს შეუძლია გამოიყენოს არალეგალური იმიგრაცია და სხვა საკითხები, რათა ძირი გამოუთხაროს კავშირის სტაბილურობას.
ამის შესახებ მელონიმ ფინეთში, ჩრდილოეთ ლაპლანდიის რეგიონში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც ფინეთის, იტალიის, შვედეთისა და საბერძნეთის ლიდერები, ევროკავშირი საგარეო საქმეების უმაღლეს წარმომადგენელთან ერთად, ნორდიკული და ხმელთაშუაზღვის რეგიონების უსაფრთხოებასა და ევროპის სამხრეთ ნაწილში არალეგალური მიგრაციის გამოწვევებზე მსჯელობდნენ.
"ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ საფრთხე იმაზე დიდია, ვიდრე წარმოგვედგინა. ეს ეხება ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს საზოგადოებაზე გავლენას, იმას რაც აფრიკაში ხდება, ნედლეულის რესურსებს, მიგრაციის ინსტრუმენტალიზაციას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს უსაფრთხოების ძალიან ფართო კონცეფციაა. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ მშვიდობა და უსაფრთხოება, რომელსაც წლების განმავლობაში ვიცნობდით და გარანტირებულად მიგვაჩნდა, აღარ არის გარანტირებული". - თქვა მელონიმ.
ამასთან, მელონიმ აღნიშნა, რომ რუსეთისგან ან სხვა ქვეყნებისგან წამოსული საფრთხე არ შეჩერდება უკრაინაში კონფლიქტის დასრულებით და ევროკავშირი ამისთვის მზად უნდა იყოს.
გარდა ამისა, მელონიმ ევროკავშირს მოუწოდა, მეტი გააკეთოს საკუთარი საზღვრების დასაცავად და არ დაუშვას რუსეთმა ან რომელიმე კრიმინალურმა ორგანიზაციამ მართოს არალეგალური მიგრანტების ნაკადები.





