ნიკა მელია

დასანქცირება ემუქრება ივანიშვილის ფინანსურ ელიტასაც, პირობითად, კრებსით ფხაკაძეებს – მელია

ტაბულა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი, როდესაც პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ს მიერ დასანქცირებული პირების ღირსების ორდენზე წარდგენა და მათი "ფინანსური დანაკლისის" ბიუჯეტიდან დაფინანსება დააანონსა, ფინანსური ელიტის დამშვიდება იყო.

მელიას თქმით, გარდაუვალია მომავალში იმ პირების დასანქცირებაც, "ვინც უფინანსებს რეჟიმს ივანიშვილს".

"ახლა ამბობს ოცნება, რომ თქვენი გადასახადების სახით ბიუჯეტში შესულ ფულს [ვახტანგ] გომელაურს მივცემ იმიტომ, რომ სანქცია მას მიაყენებს დიდ ფინანსურ ზიანს, ჯერ ეს ერთი რა ზიანი უნდა მიადგეს გომელაურის, რომელსაც თავისი მოპარული ავლა-დიდება ალბათ ბევრ სხვა ადამიანზე ექნება გადაფორმებული. რატომ თქვა ეს? იმიტომ რომ, ძალოვანი და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს დასავლეთის სასანქციო პოლიტიკის მსუსხავი ხელი უკვე შეეხო, მაგრამ არ შეხებია, ვინც უფინანსებს რეჟიმს ივანიშვილს, ვინც ძალადობას აფინანსებს, ეს გარდაუვალია - ისინი იქნებიან დასანქცირებულები, არ ვიცი ვინ იქნება, პირობითად, კრებსითი ძმები ფხაკაძეები და სხვები. მათთვის ეს არის სერიოზული დარტყმა, მათთვის ფინანსური სანქცია ბევრი თვალსაზრისით იქნება მომაკვდინებელი. წლების განმავლობაში ტენდერებზე გამოკვებილი ხალხი, სწორედ მათ გასაგონად ათქმევინა ივანიშვილმა კობახიძეს, რომ "თუ ჩემს გამო ინდუსტრია ჩამოგენგრა, არ ინერვიულო, ბიუჯეტიდან აბსოლუტურად დაუფარავად მიყენებულ ზიანს დაგიფარავ". - თქვა მელიამ.

"თუკი რომელიმე მოხელეს წარმოექმნება რაიმე ფინანსური დანაკლისი ამ [ამერიკული] სანქციებიდან, ქართული სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას".- თქვა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 20 დეკემბერს ქართული ოცნების ბრიფინგზე.

კობახიძე ასევე აპირებს, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, ღირსების ორდენზე წარადგინოს ამერიკის მიერ სანქცირებული პირები, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზაშვილი, იგივე ხარება.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე ხარებას მოადგილეს, მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები მაგნიტსკის აქტის ფარგლებში დაუწესა

"მაგნიტსკის სიით" გათვალისწინებული სანქციები მიზნად ისახავს ადამიანების უფლებების დარღვევის ან კორუფციის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს. 

19 დეკემბერს ივანიშვილის შსს-ს მაღალჩინოსნები დიდმა ბრიტანეთმაც დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში მიზეზად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შემდგომ დაწყებულ პროტესტებზე, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა სახელდება. სანქციები ითვალისწინებს, როგორც სავიზო, ისევე ეკონომიკურ სანქციებს.

სანქცირებულთა სრული სია:

  1. ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი
  2. ალექსანდრე დარახველიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
  3. სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
  4. ზვიად ხარაზიშვილი ("ხარება") - გდდ-ს ხელმძღვანელი
  5. მილერი ლაგაზაური - გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილე

კომენტარები