"თუკი რომელიმე მოხელეს წარმოექმნება რაიმე ფინანსური დანაკლისი ამ [ამერიკული] სანქციებიდან, ქართული სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას".- თქვა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების ბრიფინგზე.
კობახიძე ასევე აპირებს, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, ღირსების ორდენზე წარადგინოს ამერიკის მიერ სანქცირებული პირები, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზაშვილი, იგივე ხარება.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე ხარებას მოადგილეს, მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები მაგნიტსკის აქტის ფარგლებში დაუწესა.
"მაგნიტსკის სიით" გათვალისწინებული სანქციები მიზნად ისახავს ადამიანების უფლებების დარღვევის ან კორუფციის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს.
19 დეკემბერს ივანიშვილის შსს-ს მაღალჩინოსნები დიდმა ბრიტანეთმაც დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში მიზეზად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შემდგომ დაწყებულ პროტესტებზე, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა სახელდება. სანქციები ითვალისწინებს, როგორც სავიზო, ისევე ეკონომიკურ სანქციებს.
სანქცირებულთა სრული სია:
- ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი
- ალექსანდრე დარახველიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
- სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
- ზვიად ხარაზიშვილი ("ხარება") - გდდ-ს ხელმძღვანელი
- მილერი ლაგაზაური - გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილე





