გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი წერს, რომ ევროკომისიის წინადადება ქართველი თანამდებობის პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით დემოკრატიული უკუსვლისა და ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივ რეპრესიებზე პასუხს წარმოადგენს.
ამის შესახებ კოსი X-ზე წერს და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიდენის განცხადებას აზიარებს, რომელშიც ის ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო შეზღუდვების წარდგენაზე საუბრობს.
"კომისიის დღევანდელი წინადადება ქართველი თანამდებობის პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით განგრძობადი დემოკრატიული უკუსვლისა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის ძალადობრივი რეპრესიაზე პასუხს წარმოადგენს.
კომისიამ დაფინანსება ხელისუფლებისგან სამოქალაქო საზოგადოებისკენ უკვე გადაამისამართა და დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ჩვენი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებას გამოიკვლევს.
ევროკავშირი ქართველი ხალხისა და ევროპული მომავლისთვის მათი არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება". - წერს კოსი.
20 დეკემბერს, ევროპულმა კომისიამ ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ წინადადება წარადგინა.
როგორც ევროკომისიის ოფიციალურ პრესრელიზში წერია, ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
იმ შემთხვევაში, თუ ევროპული საბჭო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ ბლოკის ყოველ წევრ სახელმწიფოს შესაბამისი ზომების მიღება მოუწევს, მათ შორის, ვიზის მოთხოვნების დაწესება (ანუ ვიზის გაცემის გამარტივებული წესის მოხსნა) საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურეობრივი/ოფიციალური პასპორტის მქონეთათვის და ამ ზომების შესახებ სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის და კომისიისთვის შეტყობინება.
საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე 16 დეკემბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე შეთანხმდნენ.
"დღეს ჩვენ შევთანხმდით, საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საჭიროებაზე და ევროკომისია წელსვე გააკეთებს განაცხადს ამის თაობაზე" - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა პრესკონფერენციაზე.