ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

რა წინადადება წარადგინა ევროკომისიამ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებაზე?

ევროპულმა კომისიამ ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ წინადადება წარადგინა

როგორც ევროკომისიის ოფიციალურ პრესრელიზში წერია, ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

იმ შემთხვევაში, თუ ევროპული საბჭო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ ბლოკის ყოველ წევრ სახელმწიფოს შესაბამისი ზომების მიღება მოუწევს, მათ შორის, ვიზის მოთხოვნების დაწესება (ანუ ვიზის გაცემის გამარტივებული წესის მოხსნა) საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურეობრივი/ოფიციალური პასპორტის მქონეთათვის და ამ ზომების შესახებ სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის და კომისიისთვის შეტყობინება. 

ევროკომისიის განცხადებით, წინადადების წარდგენა რეაგირებაა საქართველოს მთავრობის "სასტიკ რეპრესიებზე", რომელსაც მთავრობა მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ახორციელებს. 

"დღეს კომისია გამოდის წინადადებით, შეჩერდეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმების ნაწილი ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ. თუ საბჭო ამ წინადადებას დაამტკიცებს, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახებს, რომლებიც დიპლომატიურ და ოფიციალურ პასპორტებს ფლობენ, ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტისთვის, ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში 90 დღემდე ვადით, დასჭირდებათ ვიზა. ვიზის გამარტივება, მაგალითად განაცხადის შეტანის შემცირებული დრო, ვიზის შემცირებული გადასახადები და მოთხოვნა, შეტანილ იქნეს ნაკლები რაოდენობის შესაბამისი დოკუმენტი, ასევე აღარ იმოქმედებს ქართველი პირებისთვის, რომლებიც დიპლომატიურ და ოფიციალურ პასპორტებს ფლობენ. ამ გადაწყვეტილებას არ ექნება ნეგატიური გავლენა [საქართველოს მოქალაქეებზე], რომლებიც ჩვეულებრივ პასპორტებს ფლობენ, ისინი ევროკავშირში მოგზაურობისას, მოკლევადიანი ვიზიტებისთვის, უვიზო რეჟიმით სარგებლობას გააგრძელებენ.

ეს წინადადება რეაგირებაა სასტიკ რეპრესიებზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ახორციელებს, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ აღარ შეეცდებოდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას 2028 წლამდე. 

დამატებით, ბოლოდროინდელი ქართული კანონმდებლობა, რომელიც მოიცავს 2024 წლის მაისში მიღებულ კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და 2024 წლის სექტემბერში მიღებულ კანონს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ", ძირს უთხრის იმ ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებს უდევს საფუძვლად. ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მაგალითად, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ეფექტური გატარება, კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოთხოვნაა ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისთვის. 

ევროკავშირმა უკვე მიიღო ზომები საქართველოს სერიოზული დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ: ივნისში ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ [მთავრობის] ამჟამინდელ მოქმედებათა კურსს ბლოკში [ქვეყანა] გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებამდე მიჰყავდა. ვინაიდან სიტუაციის გაუარესება გრძელდება, 16 დეკემბრის საგარეო საქმეთა საბჭოს დისკუსიის შემდეგ, კომისიამ გადაწყვიტა, წინადადებით გამოვიდეს საქართველოს დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. 

შემდგომი ნაბიჯები: 

ეს ახლა საბჭოს გადასაწყვეტია, მიიღოს დღევანდელი წინადადება და ნაწილობრივ გააუქმოს ვიზის გამარტივების შეთანხმება. თუ საბჭო დაამტკიცებს წინადადებას და როდესაც ის ძალაში შევა, [ევროკავშირის] წევრ ქვეყნებს მოუწევთ, მიიღონ შესაბამისი ზომები. ეს ნიშნავს იმას, რომ გულითადი თანამშრომლობის პრინციპთან შესაბამისობაში, მათ მოუწევთ ვიზის მოთხოვნების დაწესება საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურეობრივი/ოფიციალური პასპორტის მქონეთათვის და ამ ზომების შესახებ სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის და კომისიისთვის შეტყობინება. წევრ სახელმწიფოებს მოუწევთ, შეწყვიტონ [ვიზის გაცემის გამარტივების] ამჟამინდელი პროცედურა დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე ქართველი პირებისთვის, მათ შორის, განაცხადის შეტანის შემცირებული დრო, ვიზის შემცირებული გადასახადები და მოთხოვნა, შეტანილ იქნეს ნაკლები რაოდენობის შესაბამისი დოკუმენტი". - წერია ევროკომისიის პრესრელიზში. 

კომენტარები