რუსული რეჟიმი

კობახიძემ სანქცირებული გომელაური ვიცეპრემიერად დანიშნა

ვახტანგ გომელაური

ირაკლი კობახიძემ დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა. ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ბრძანებას ხელი დღეს მოაწერა.

"საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება. პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანიც" - წერს მთავრობის ადმინისტრაცია.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე ხარებას მოადგილეს, მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები მაგნიტსკის აქტის ფარგლებში დაუწესა

"მაგნიტსკის სიით" გათვალისწინებული სანქციები მიზნად ისახავს ადამიანების უფლებების დარღვევის ან კორუფციის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს. 

19 დეკემბერს ივანიშვილის შსს-ს მაღალჩინოსნები დიდმა ბრიტანეთმაც დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში მიზეზად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შემდგომ დაწყებულ პროტესტებზე, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა სახელდება. სანქციები ითვალისწინებს, როგორც სავიზო, ისევე ეკონომიკურ სანქციებს.

სანქცირებულთა სრული სია:

  1. ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი
  2. ალექსანდრე დარახველიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
  3. სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
  4. ზვიად ხარაზიშვილი ("ხარება") - გდდ-ს ხელმძღვანელი
  5. მილერი ლაგაზაური - გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილე

კომენტარები