შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი საპროტესტო აქციებზე საპოლიციო ძალების მიერ ნაცემი და დაკავებული მოქალაქეების შესახებ განცხადებას ავრცელებს და მათ სოლიდარობას უცხადებს.
"საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სოლიდარობას უცხადებს აქციების დროს დაზარალებულ ყველა მოქალაქეს, მათ შორის ჩვენს კურსდამთავრებულებს - გიორგი მახარაძეს, თათა თავდიშვილს, გიორგი ნაკაშიძეს, ირაკლი სირბილაშვილს, გიორგი ბახუტაშვილს, ავთო დიასამიძეს და სხვებს. მხარს ვუჭერთ დაკავებულებზე კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური შეღავათების გავრცელებას მათი პატიმრობიდან განთავისუფლების მიზნით. მათ შორის მსახიობებზე - ანდრო ჭიჭინაძესა და ვეფხია კასრაძეზე". - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - ივანიშვილის რეჟიმმა ევროინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად შეაჩერა.
ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა.
მიუხედავად ამისა, ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.
თბილისსა და იმერეთის რეგიონში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 პირი დააკავეს. მათ შორის არიან სთენდაფერი ონისე ცხადაძე და მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. მათ 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ცხინვალის მაჩაბლის თეატრის მსახიობს, ვეფხია კასრაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 6 დეკემბერს შეუფარდეს, 17 დეკემბერს კასრაძემ უვადო შიმშილობა გამოაცხადა.





