რუსული მედიის მიხედვით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან სროლა კრიპტოვალუტის მაინინგის სრულ აკრძალვაზე დავამ გამოიწვია.
ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია РИА Новости ე.წ. პარლამენტში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროს თანახმად, ე.წ. დეპუტატმა, ადგურ ხარაზიამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, კან კვარჭიამ კი ეს "პოპულიზმად" მოიხსენია, რის გამოც ე.წ. პარლამენტში ჩხუბი დაიწყო და ხარაზია იარაღს "ყველა მიმართულებით" ისროდა.
"მიმდინარეობდა საკომიტეტო სხდომა მაინინგის სრულ აკრძალვასთან დაკავშირებით. ადგურ ხარაზიამ მხარი დაუჭირა, კან კვარჭიამ კი ამას პოპულიზმი უწოდა, შემდეგ ჩხუბი ატყდა და ხარაზიამ ყველა მიმართულებით სროლა დაიწყო. პირველი ტყვია ვახტანგ გოლანძიას მოხვდა, შემდგომ კი კვარჭია დაიჭრა". - თქვა წყარომ РИА Новости-სთან საუბრისას
მანამდე, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტთან სროლის შედეგად ერთი ე.წ. დეპუტატი, ვახტანგ გოლანძია დაიღუპა, მეორე, კან კვარჭია, კი დაშავდა.
РИА Новости-ის ინფორმაციით, კვარჭია მხარში არის დაჭრილი.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, რობერტ კიუტის ცნობით, ე.წ. პარლამენტთან სროლაში ეჭვმიტანილი არის ადგურ ხარაზია. მისივე თქმით, ხარაზია შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჯერჯერობით მისი ადგილმდებარეობა დადგენილი არ არის.
16 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა მაინინგის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო და კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის მოწყობილობის შეტანისთვის სასჯელი გაამკაცრა.