პროკურატურამ სასამართლოს ძლიერი საქართველოს წევრის, ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართა - ინფორმაცია ტაბულას პროკურატურაში დაუდასტურეს.
ელისაშვილის სასამართლო პროცესი 14:00 საათზე გაიმართება.
ძლიერი საქართველოს წევრს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 6 დეკემბერს პატიმრობა შეუფარდა.
ელისაშვილი სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას ამბობდა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და პატიმრობის შეფარდების მოლოდინი ჰქონდა.
"10 წელია სულ მცირე, რაც არ მინახავს. არ ვიცი რომელ პარტიაში იყო, წარმოდგენა არ მაქვს. მისი სახელი და გვარიც კი არ მახსოვს, სახე მახსოვს, იმიტომ, რომ სახასიათო გარეგნობა აქვს. [...] ინციდენტის დროს მოწმე მუდმივად ცდილობდა ჩემთვის შეურაცხყოფის მოყენებას. მცდარად წარმოაჩენს ბრალდების მხარე, თითქოს, მე თანმხლები პირები მყავდა.
[...] აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, დღეს იმ გადაწყვეტილებას გამოიტანთ, რომ გამამწესოთ, პოლიტიკურადაა მოტივირებული საქმე, დამიჭირეთ, რაც გინდა ის ქენით" - თქვა ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მას ბრალად ძალადობის გამოყენებით ჩადენილი დევნა ედება - მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლითაა აღძრული.
შსს ელისაშვილს ქართული ოცნების წევრზე, ალი ბაბაევზე თავდასხმასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.- ს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო". - წერია შსს-ს განცხადებაში.