საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის, იგივე რონდელის ფონდის, თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ფონდის მკვლევრის, ვატო ბჟალავას გატაცებას, უსამართლო დაკავებას და მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას გმობს.
ხელმომწერები ხაზს უსვამენ, რომ ბჟალავა თავის კონსტიტუციურ უფლებას იყენებდა და საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას აპროტესტებდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფონდი მისი დაარსებიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის მიზანს ემსახურება, რასაც დღეს შექმნილი ვითარება პირდაპირ ეწინააღმდეგება.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი მისი დაარსებიდან, 2001 წლიდან, დგას საქართველოს ეროვნული ინტერესების სამსახურში. მიუხედავად მისი თანამშრომლების განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისა და სხვადასხვა მთავრობის პირობებში მუშაობისა, ფონდს არასდროს გადაუხვევია თავისი მთავარი მიზნებისთვის - ხელი შეეწყო ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის.
ქვეყანაში დღეს შექმნილი ვითარება პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ჩვენი ფონდი ათეული წლების განმავლობაში ემსახურებოდა. ამჟამინდელი პოლიტიკური რეპრესიები, რაც ავტორიტარიზმის დამკვიდრების და ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილების გამო დაწყებული საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას ისახავს მიზნად, ჩვენს ორგანიზაციასაც შეეხო.
2024 წლის 12 დეკემბერს უცნობმა პირებმა თავისი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს ჩვენი ფონდის მკვლევარი ვატო ბჟალავა, რომელიც ბოლო პერიოდში, საქართველოს სხვა უამრავი მოქალაქის მსგავსად, მშვიდობიანი შეკრების კონსტიტუციურ უფლებას იყენებდა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის გზიდან გადახვევას აპროტესტებდა.
ვატოს არ მისცეს უფლება არც ახლობლებთან დარეკვის და ფაქტის შეტყობინების, არც ადვოკატთან დაკავშირების და რომ არა შემთხვევითი თვითმხილველი, ახლობლები ვერც გაიგებდნენ მომხდარის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე დაირეკა 112-ში და შევიდა შეტყობინება ადამიანის გაუჩინარების შესახებ, სამი საათის განმავლობაში ამ ფაქტს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ ვატო პოლიციას ჰყავდა დაკავებული. უკიდურესად საგანგაშოა, რომ დაკავების შემდეგ პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ვატოს, რაც როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა.
ვატო ბჟალავას კოლეგები სასტიკად ვგმობთ მის უსამართლოდ დაკავებასა და მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას. მოვუწოდებთ თბილისის საქალაქო სასამართლოს, გაათავისუფლოს ვატო ბჟალავა და არ დააკისროს მას ადმინისტრაციული სახდელი, ხოლო სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან მოვითხოვთ გამოიძიოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაული.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ეკატერინე მეტრეველი
- კახა გოგოლაშვილი
- თორნიკე თურმანიძე
- ალექსი პეტრიაშვილი
- რუსუდან მარგიშვილი
- ზურა ბატიაშვილი
- გიორგი ბადრიძე
- შოთა უტიაშვილი
- მამუკა კომახია
- ნინო რამიშვილი
- გელა ხმალაძე
- მედეა ივანიაძე
- დავით ბატაშვილი
- ქეთი ემუხვარი
- ელენე იმნაძე
- ნუკი დევიძე
- მარიამ ბუჯიაშვილი
- არსენ არაქელოვი
- თათა გელაშვილი
- თამარ ჩხუბიანიშვილი
- ნინო ჩადუნელი
- მარიამ ახალაია
- თიკო ხუხუნაიშვილი
- ანა მიქაუტაძე
- გია გონგლაძე
- გელა ყელიხაშვილი
- აკაკი ჩხეტიანი
- ვანო მჭედლიძე
- უშანგი ნოდია
- არტემ მელიქ-ნუბაროვი
- ლელა ბაციკაძე
მანამდე, ვატო ბჟალავა 12 დეკემბერს აბაშიძის ქუჩიდან აიყვანეს.
"აბაშიძეზე გაიტაცეს ვატო ბჟალავა, თავის ცუგას ასეირნებდა და ძაღლი ხეზე მიაბმევინეს. სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს". - დაწერა Facebook-ზე ნათია ჩიქოვანმა.
ბჟალავას ადვოკატმა, გიორგი ტაბატაძემ თქვა, რომ დაკავების შემდეგ, პოლიციელმა ბჟალავაზე ფიზიკურად იძალადა, რის გამოც მას წვივის არეში სისხლჩაქცევა აღენიშნება.





