ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ადვოკატის თქმით, დაკავებულ ვატო ბჟალავაზე პოლიციელმა ფიზიკურად იძალადა

რონდელის ფონდის მკვლევარის, ვატო ბჟალავას ადვოკატის, გიორგი ტაბატაძის თქმით, დაკავების შემდეგ, პოლიციელმა ბჟალავაზე ფიზიკურად იძალადა, რის გამოც მას წვივის არეში სისხლჩაქცევა აღენიშნება. 

"ვატო ბჟალავას იზოლატორში შევხვდი და აღმოჩნდა, რომ მას შემდეგ, რაც ის დიღმის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს, ერთ-ერთი პოლიციელი მასთან მივიდა და სახეში ხელი რამდენჯერმე გაარტყა, წვივის არეში კი ფეხი ჩაარტყა, რის გამოც მას წვივის არეში სისხლჩაქცევა აქვს [...]

სავარაუდოდ, მათ ვატოს ტელეფონის კოდის მოხსნა და მისგან რაღაც ინფორმაციის მიღება უნდოდათ. ის პოლიციელი, რომელმაც ხელი დაარტყა, მას სთხოვდა, შენს ტელეფონზე პაროლი მომიხსენიო, რაზეც ვატომ უარი უთხრა. პოლიციელს არანაირი უფლება არ აქვს, რომ ადამიანს ტელეფონზე პაროლის მოხსნა აიძულოს [...] ვატოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს, რომ თითქოს, ის პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა და მათ კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდა". - თქვა ბჟალავას ადვოკატმა TV პირველზე ჩართვის დროს.

ვატო ბჟალავა 12 დეკემბერს აბაშიძის ქუჩიდან აიყვანეს.

"აბაშიძეზე გაიტაცეს ვატო ბჟალავა, თავის ცუგას ასეირნებდა და ძაღლი ხეზე მიაბმევინეს. სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს". - დაწერა Facebook-ზე ნათია ჩიქოვანმა. 

კომენტარები