გამოცემა TIME-მა 2024 წლის ადამიანად აშშ-ს ყოფილი და ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაასახელა.
ისტორიული პროპორციების მქონე დაბრუნების ხელმძღვანელობისთვის, თაობაში ერთხელ პოლიტიკური კურსის გადახვევის გამოწვევისთვის, ამერიკის პრეზიდენტობის გარდაქმნისა და მსოფლიოში ამერიკის როლის შეცვლისთვის, დონალდ ტრამპი TIME-ის 2024 წლის ადამიანია". - თქვა გამოცემის მთავარმა რედაქტორმა სემ ჯეიკობსმა წერილში.
წლის ადამიანად გამოცხადების შემდეგ, ტრამპმა ნიუ იორკის საფონდო ბირჟის ზარიც დარეკა. რონალდ რეიგანის შემდეგ ტრამპი პირველი პრეზიდენტია, ვინც ეს გააკეთა.
გამოცემამ ტრამპი წლის ადამიანად პირველად 2016-ში, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, დაასახელა.
ტრამპის გარდა TIME წლის ადამიანის კანდიდატებად კიდევ 10 პირს, მათ შორის, ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს, უელსის პრინცესას ქეით მიდლტონსა და ილონ მასკს, განიხილავდა.
1927 წლიდან მოყოლებული, ამერიკული გამოცემა წლის ყველაზე გავლენიან პიროვნებას ასახელებს, რომელმაც უკეთესობისა თუ უარესობისკენ, "ყველაზე მეტი გააკეთა, წლის მოვლენებზე ზეგავლენის მოხდენის მხრივ".
წარსულში TIME-ის წლის ადამიანის ნომინაციაში გამარჯვებულებს შორის არიან აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ზაკერბერგი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აქტივისტი გრეტა თუნბერგი.