ავღანეთი

თალიბანის რეჟიმის დევნილთა მინისტრი თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად მოკვდა

Sahel Arman/AFP/Getty Images

ავღანეთში, კაბულში თალიბანის რეჟიმის დევნილთა მინისტრი, ხალილ ჰაკანი თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად მოკვდა.

Reuters მის ძმისშვილზე, ანას ჰაკანი დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევას ექვსი სხვა ადამიანი ემსხვერპლა. 

თალიბანის რეჟიმის დევნილთა სამინისტროს სპიკერმა CNN-თან საუბრისას თქვა, რომ ტერორისტი დევნილთა სამინისტროში შევიდა და როდესაც ჰაკანი დოკუმენტებს ხელს აწერდა, ბომბი ააფეთქა. 

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. 

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მედიის თანახმად, ტერორისტი მინისტრის ოფისის გარეთ იცდიდა და ბომბი მისი გამოსვლის შემდეგ ააფეთქა. 

ხალილ ჰაკანი თალიბანში გავლენიან ჯგუფს, სახელად ჰაკანის ქსელს, განეკუთვნებოდა და აშშ-ს მიერ ტერორისტად იყო აღიარებული. მისი ერთ-ერთი ძმისშვილი, სირაჯუდდინ ჰაკანი თალიბანის რეჟიმის ახლანდელი შინაგან საქმეთა მინისტრია.

კომენტარები